ეკონომიკა
27/10/2023

ფაქტორები, რის გამოც საქართველოს ბაზარი უცხოელი ინვესტორებისთვის მიმზიდველია - FCC Aqualia-ს რეგიონალური დირექტორის განმარტება

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გამართულ სადისკუსიო პანელზე ესპანურმა კომპანია FCC Aqualia-ს ახლო აღმოსავლეთის, აზიის და ჩრდ. აფრიკის რეგიონალურმა დირექტორმა ხოსე ენრიკე ბოფილმა იმ ძირითად ფაქტორებზე ისაუბრა, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა მისი კომპანიისთვის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ევროპული ინვესტიციის განსახორციელებლად.

„ჩვენ საქართველოს წყლის სისტემაში ინვესტიცია 2022 წელს ჩავდეთ, ვართ კომპანია, რომელიც წყლის სერვისს აწვდის მთელი მიწოდების ჯაჭვის მასშტაბით და წარმოდგენილი ვართ 77 ქვეყანაში, რატომ შევარჩიეთ საქართველო? - იმიტომ, რომ ყოველთვის ყველა საკმაოდ კარგად საუბრობდა ამ ქვეყანაზე, ასევე, იმაზე, თუ რამდენად კარგი საინვესტიციო კლიმატი არსებობს აქ. ჩვენზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს ძალისხმევამ, გახდეს ევროკავშირის ნაწილი და წევრი ქვეყანა“- განაცხადა  ხოსე ენრიკე ბოფილმა.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში ბიზნესის წარმოების კუთხით ყველა რეგულაცია თანხვედრაშია ევროკავშირის რეგულაციებთან. მისი თქმით, „საქართველო რეალურად არის ევროკავშირის ქვეყანა, უბრალოდ, ჯერ ასე არ ჰქვია“. 

„ჩვენ ვმუშაობთ წყლის სფეროში და რეგულაცია ჩვენთვის ყველაფერია. საკანონმდებლო სისტემა წყალთან დაკავშირებით ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია ევროპის მასშტაბით. ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში მსგავსი სიტუაცია არ არის, მაგალითად, ესპანეთში ჩვენ არ გვაქვს ისეთი სისტემა როგორიც აქ არის - ეს საკმაოდ სანდოა, სამართლიანი, ასევე ახალისებს ინვესტიციებს და ხელს უწყობს ეფექტურად მუშაობას. ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც გადავწყვიტეთ საქართველოში ინვესტირება. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ვალუტის სტაბილურობა, ყველა უცხოელი ინვესტორი ამას უყურებს. ქართული ვალუტა ძალიან კარგ შედეგებს აჩვენებს ბოლო წლებია, ეს არის უმნიშვნელოვანესი ელემენტი“, - განაცხადა ხოსე ენრიკე ბოფილმა.

ღონისძიების ფარგლებში, ბოფილმა ასევე დადებითად შეაფასა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ მუშაობა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს განვითარების პერსპექტივას - „ვფიქრობ, ეს იყო შესანიშნავი გამოცდილება. ეს იყო დარგის ექსპერტების მართლაც ფანტასტიკური პანელი - ადამიანების, რომლებიც ინვესტიციებს ახორციელებენ საქართველოში და სჯერათ ამ ქვეყნის მომავლის. ყველამ დავაფიქსირეთ ჩვენი შეხედულებები, გავაზიარეთ გამოცდილება და ხაზი გავუსვით იმ ფანტასტიკურ მომავალს, რაც ამ ქვეყანას აქვს“ - განაცხადა FCC Aqualia-ს რეგიონალურმა დირექტორმა.

Businesspartner