"ელექტრონული კომერციის რეფორმა ელექტრონული პლატფორმების მიმართ დიდ მოთხოვნას გააჩენს"
ქვეყანაში ელექტრონული კომერციის ბაზარი უფრო გამჭვირვალე გახდება. რეფორმა, რომელიც USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარეობს, უკვე აქტიურ ფაზაშია შესული და მის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას ელექტრონული კომერციის ახალი საკანონმდებლო ჩარჩოს მიღება წარმოადგენს.
პარლამენტმა „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი სამი მოსმენით უკვე მიიღო და ამით განისაზღვრა შუალედური მომსახურების მიმღებთა უფლებები და მოვალეობები, ელექტრონული ხელშეკრულების გაფორმების წესები, საინფორმაციო საზოგადოების მომსახურებების მიმწოდებლისა და მიმღების საქმიანობის პრინციპები და სხვა.
„ბიზნესპარტნიორთან“ USAID-ის ეკონომიკური მართველობის პროგრამის ხელმძღვანელი ნატალია ბერუაშვილი აცხადებს, რომ კერძო სექტორი მაქსიმალურად იყო ჩართული ამ კანონპროექტის შემუშავების პროცესში, კერძო და საჯარო სექტორს შორის დიალოგის ძალიან ბევრი ღონისძიება ჩატარდა.
„ეს კანონი აბალანსებს მომხმარებელთა უფლებების დაცვას და იმ სტიმულირების მექანიზმს, რომელიც თვითონ ბაზრის მონაწილეებს სჭირდებათ. ელექტრონული კომერციის მიმართ ნდობის გაზრდით უფრო დიდი მოთხოვნა გაჩნდება ელექტრონული პლატფორმების მიმართ და შესაბამისად, ეს მომგებიანი იქნება ბაზრის მონაწილეებისთვის“, - აღნიშნა ნატალია ბერუაშვილმა.
მან იმ ბარიერებზეც ისაუბრა, რაც დღეს ქვეყანაში ელექტრონული კომერციის განვითარებას აფერხებს.
„USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მიერ ჩატარდა კვლევა, რომელმაც გამოკვეთა ძირითადი ბარიერები ელექტრონული კომერციის განვითარების. ნომერ პირველი ბარიერი იყო ნდობის ნაკლებობა ელექტრონული კომერციის მიმართ, რომელიც იყო განპირობებული იმით, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმი არ არსებობდა. გასულ წელს მომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონი იქნა მიღებული, რომელმაც ნაწილობრივ ეს პრობლემა მოაგვარა და ახლა უკვე, კანონი „ელექტრონული კომერციის შესახებაც“ მიიღეს და ამ კანონსაც შემოაქვს მომხმარებელთა უფლებების გარანტიები“, - განმარტა USAID-ის ეკონომიკური მართველობის პროგრამის ხელმძღვანელმა.
მისივე თქმით, ინფორმაციის გამტარი ორგანიზაციებისთვის და შუალედური მომსახურების პროვაიდერებისთვის გარკვეული პასუხისმგებლობები განისაზღვრა.
„დღეს გაურკვეველია არალეგალური კონტენტის განთავსების შემთხვევაში, რა პასუხისმგებლობა აქვს როგორც ინტერნეტ პროვაიდერს, ისე შუალედური მომსახურების პროვაიდერს, ანუ ინფორმაციის გამტარს. შესაბამისად, ეს კანონი ელექტრონულ კომერციაში ჩართული პირებისთვის, საკითხში უკეთესად გარკვევის შესაძლებლობას იძლევა.
გარდა ამისა, ამ კანონმა მისცა ბიძგი სექტორის გაერთიანებას ასოციაციებში და უკვე დაიწყო ქცევის კოდექსზე მუშაობაც, რომელიც შიდა სტანდარტებს შეიმუშავებს ყველა იმ მონაწილე მხარისთვის, რომელიც ჩართულია ელექტრონული კომერციის პროცესში. განისაზღვრება გარკვეული ხარისხის ნიშნის შემოღება, რომელიც სტიმულირებას გაუკეთებს ელექტრონული კომერციის პლატფორმების ხარისხზე ორიენტირებას“, - განაცხადა ნატალია ბერუაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოში ბიზნესსაქმიანობის გაციფრულების როლი განსაკუთრებით გამოიკვეთა პანდემიის დროს, როდესაც დაწესებული რეგულაციების გამო, მრავალმა ბიზნესმა დაიწყო ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა ყოველდღიურ საქმიანობაში. ამ ტენდენციიდან გამომდინარე, გარდა „ელექტრონული კომერციის შესახებ“ კანონისა, რომელიც პარლამენტმა 2 დღის წინ მიიღო, ქვეყანაში უკვე არსებობს მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ 2022 წელს მიღებული კანონიც და ის ასევე დისტანციური და ელექტრონული კომუნიკაციის გზით განხორციელებულ საქმიანობებს მოიცავს.