"დრომ დაგვანახა, რომ სახელმწიფო საწარმოების მართვა ასეთი ფონდისთვის, არასწორი დამატებითი ფუნქციაა"
"აქამდე ჩვენთვის ძირითადი სექტორები თუ იყო ენერგეტიკა, უძრავი ქონება, სოფლის მეურნეობა, სტარტაპები, რეფორმის შემდეგ, ახალი მიმართულებით წავალთ და ეს იქნება მაღალტექნოლოგიური წარმოებებისა და ინოვაციური პროექტების განვითარება, - ამის შესახებ გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ფონდი ისეთ პროექტებში ჩადებს ფულს, სადაც ექსპორტის მეტი შანსი იქნება, ასევე იმპორტის ჩანაცვლების შესაძლებლობა.
„ჩვენ პატარა პროექტებში არ შევალთ, ალბათ, შევალთ პროექტებში, რომლებიც რამდენიმე მილიონის ზემოთ შეიძლება დაფინანსდეს და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი პრორიტეტი იქნება რომ საერთაშორისო ინსტიტუტებიდან მოვიზიდოთ გარკვეული თანხები, რომელიც ქართულ ეკონომიკაში ჩაიდება. ასევე, აქამდე თუ არ ვაკეთებდით აქციების ემისიას, არ შემოგვყავდა სხვა ინვესტორები ფონდში, მარტივი მიზეზის გამო, როცა ჩვენს მფლობელობაში იყო იგივე რკინიგზა, თუ ნავთობის და გაზის კორპორაცია, არაპირდაპირი პროვატიზაცია გამოდიოდა მაშინ - თუ ჩვენ ჩვენს აქციებს გავყიდიდით, გარკვეულად გავყიდიდით აი ამ სახელწიფო კომპანიების წილსაც. ახლა, როცა უკვე სახელმწიფო საწარმოები ჩვენთან აღარ გვაქვს, ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ გავაკეთოთ აქციების ემისია, ველაპარაკოთ საერთაშორისო ინსტიტუტებს“, - აღნიშნა დავით საგანელიძემ.
მისივე განმარტებით, რადგან ფონდის მართვაში არც ერთი სახელმწიფო საწარმო აღარ დარჩა, ამიერიდან ის მხოლოდ საინვესტიციო ფონდის სტრუქტურით იმუშავებს.
„შეიცვლება სამეთვალყურეო საბჭო. დღეს, ჩვენს სამეთვალყურეო საბჭოში მთავრობაც არის, კერძოდ - 4 მინისტრი და საბჭოს თავმჯდომარე კი პრემიერ-მინისტრია. საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეიქმნება დამოუკიდებელი ბორდი და ფონდის საქმიანობას უკვე ეს ბორდი განსაზღვრავს. მე წინასწარ არ მინდა ასეთ თემებზე საუბარი, მაგრამ ორიენტაცია იქნება სწორედ ამ მიმართულებით“, - განმარტა საგანელიძემ.
მან საპარტნიორო ფონდის საქმიანობაც შეაჯამა და თქვა, რომ 12 წლის განმავლობაში გახორციელებულია $1.8 მილიარდის ღირებულების საინვესტიციო პროექტები, სადაც საპარტნიორო ფონდის მონაწილეობა $257 მილიონია. მსხვილი პროექტები განხორციელდა ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის,ტურიზმის სექტორებში და წარმოების დარგში. დავით საგანელიძის განარტებით, თითოეულ 1 დოლარზე, ფონდმა 7 დოლარი მოიზიდა ინვესტორებისგან.
„2011 წელს შეიქმნა ფონდი და ბუნებრივია, იმ პერიოდისთვის, ამოცანებიც სხვა იყო, გამოწვევებიც სხვა იყო 12 წელი ის დროა, როცა გარკვეული ცვლილებები ყველაფერს სჭირდება, მით უმეტეს, ასეთი მნიშვნელობის ფონდს, რომლის საქმიანობა იმ მოთხოვნებზე უნდა იყოს აწყობილი, რაც დღესაა ქვეყანაში. როცა ფონდი შეიქმნა, მას 2 ძირითადი მიმართულება ჰქონდა დავალებული - ეს იყო სახელმწიფო მსხვილი საწარმოების მართვა და ასევე, სუფთა საინვესტიციო საქმიანობა. თუმცაღა, დრომ დაგვანახა, რომ სახელმწიფო საწარმოების მართვა ასეთი ფონდისთვის, არასწორი დამატებითი ფუნქციაა. ამას გარკვეულად მუდმივად ხაზს უსვამდა სავალუტო ფონდი და ჩვენი მთავრობაც, რომ რამდენად სწორია, ფონდს რომელსაც ამხელა ფუნქციები და ამოცანები აქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, ამავე დროს, მართვაში ჰქონდეს ისეთი მსხვილი საწარმოები, როგორებიცაა - საქართველოს რკინიგზა, ნავთობისა და გაზის კორპორაცია, საქართველოს ელექტროსისტემა და ა.შ. ამიტომ, ფონდს სჭირდება გარკვეული რეფორმირება, რომ ის უფრო ცალხაზოვნად იყოს მიმართული წარმოების განვითარებაზე, ახალი ბიზნესების შექმნაზე და ქვეყანაში იმ პროდუქტის მიწოდებაზე, რომელსაც არც ერთი საფინანსო ინსტიტუტი არ აწვდის“, - განაცხადა „ბიზნესპარტნიორში“ დავით საგანელიძემ.
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა რეფორმის განხორციელების ვადებზეც ისაუბრა და თქვა, რომ რეფორმის მეორე ეტაპის დასრულებას კანონი განსაზღვრავს.
„პარლამენტიმა სამი მოსმენით უკვე მიიღო „საპარტნიორო ფონდის შესახებ კანონში ცვლილებები“ . ეს ცვლილებები რამდენიმე პუნქტს ითვალისწინებს და სწორედ ერთ-ერთი გარდამავლი პუნქტია, რომ ჩვენ სამი თვის ვადაში, მთავრობასთან ერთად უნდა მოვამზადოთ ახალი წესდება, დებულება, უნდა დამტკიცდეს ახალი სამეთვალყურეო საბჭო, ახალი სტრუქტურა და შემდგომ შევუდგეთ საქმიანობას. ამიტომ, ამ ყველაფრისთვის სწორედ 3 თვე გვაქვს“, - აღნიშნა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა.