ეკონომიკა
27/10/2021

დეკემბერსა და იანვარ-თებერვალში სებ-ი ინფლაციის კიდევ უფრო ზრდას ელის

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალი წლის გაზაფხულამდე ინფლაციის შემცირებას არ ელის.

მთავარი ბანკი ვარაუდობს, რომ მომდევნო თვეებუს განმავლობაში (დეკემბერი, იანვარი, თებერვალი) ინფლაციის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება. მიზეზად "ინფლაციის წლიური მაჩვენებელი კომუნალური გადასახადების სუბსიდირების საბაზო ეფექტი" სახელდება.

თუმცა სწორედ ინფლაციაა, სებ-ის ახსნით, მთავარი გამოწვევა მსოფლიოსა და საქართველოს ეკონომიკისთვის, რომელზეც ზეწოლას ეგზოგენური ფაქტორები ახდენს.

ეროვნული ბანკი იმედოვნებს, რომ სხვა თანაბარ პირობებში, მიმდინარე პროგნოზით, 2022 წლის გაზაფხულიდან ინფლაცია შემცირდება, რასაც, დროებითი ფაქტორების მილევასთან ერთად, არსებული გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება და ფისკალური კონსოლიდაცია შეუწყობს ხელს.

აღსანშნავია, რომ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირებვის განაკვეთი, როგორც სექტემბრის სხდომაზე, ამჯერადაც უცვლელად, 10%-ზე შეინარჩუნა, თუმცა, როგორც არაერთხელ კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ მძლავრი მიწოდების შოკის პირობებში ინფლაციური მოლოდინების ზრდის საფრთხე კვლავ აქტუალურია, ინფლაციური რისკები ნარჩუნდება და მათ რეალიზებამ, შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გამკაცრება განაპირობოს.

"პანდემიამ მსოფლიო ეკონომიკა მრავალი სირთულის წინაშე დააყენა. ამ მხრივ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ფასების დაჩქარებული ზრდის ტენდენცია, რომელიც ბოლო პერიოდის საზრუნავად რჩება როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ქვეყნებში. გაზრდილი ინფლაცია საქართველოსთვისაც გამოწვევაა. სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 12.3% შეადგინა. ინფლაციის ამ დონეს, ძირითადად, ერთჯერადი ფაქტორები განაპირობებს, რომლებიც 2020-2021 წლებში გლობალურად განსაკუთრებით გააქტიურებულია. წინასწარი შეფასებით, აღნიშნული ეგზოგენური ფაქტორების წვლილი მთლიან ინფლაციაში დაახლოებით 8%-ული პუნქტია. ამ კუთხით გამოსარჩევია მსოფლიო ბაზრებზე აშშ დოლარით გამოხატული სურსათისა და, ბოლო პერიოდში კიდევ უფრო დაჩქარებული, ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა, რასაც საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯების მაღალი ტემპებით ზრდაც ემატება", - განმარტა კობა გვენეტაძემ სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ.