ეკონომიკა
09/05/2023

დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა

დედაქალაქში მთავარი დამაბინძურებელი აზოტის დიოქსიდია, რომლის უმთავრესი წყარო ავტოტრანსპორტია – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელმა ნოე მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე გადაჭარბების პრობლემა დგას რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში. მისი თქმით, მეორე პრობლემური დამაბინძურებელი მყარი ნაწილაკები, ანუ, ე.წ. მტვერია, რომლის გადაჭარბებაც თითქმის, ყველა უბანში ფიქსირდება და იმ ქუჩების მიმდებარედ, სადაც აქტიური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

"ავტოტრანსპორტი არის დაბინძურების მთავარი წყარო და 2022 წელს აღნიშნულის მაჩვენებლის მომატებას პირდაპირ ვუკავშირებთ იმას, რომ ავტომობილების იმპორტი 2021-22 წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. მანამდე თუ 65 000 ავტომანქანის იმპორტი ხორციელდბოდა წლიურად, 2021 წელს ეს 95 ათასამდე გაიზარდა და 2022 წელს კი 107 ათასს აცდა, რამაც პირდაპირი ზეგავლენა იქონია ჰაერის ხარისხის გაუარესებაზე. მაგალითად, თუ აზოტის დიოქსიდის წლიური ნორმა 40-ია, თბილისის ზოგიერთ უბანში, სადაც მონიტორინგი ხორციელდება ეს მაჩვენებელი თითქმის გაორმაგებულია. ასევე, დედაქალაქის გარდა დაბინძურებამ მოიმატა რუსთავში, ბათუმში, ქუთაისში და იმ ლოკაციებზე, სადაც მაგისტრალური გზა გადის, მატ შორის ხაშურში და ზესტაპონში."-აღნიშნავს ნოე მეგრელიშვილი.

მეგრელიშვილის თქმით, სწორედ ამიტომ იგეგმება ავტომობილების იმპორტის კუთხით შეზღუდვების შემოღება, რაც ევრო 5- ის სტანდარტის მომავალი წლიდან ამოქმედდებას გულისხმობს.

ასევე, შეგახსენებთ, რომ ივნისიდან საქართველოში ტრანსპორტის ხილული გამონაბოლქვის კონტროლი დაიწყება. პირველ ეტაპზე გამონაბოლქვის კონტროლს საქართველოს 4 დიდ ქალაქში, კერძოდ, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში დაიწყებენ. ფიზიკური პირი პირველ ეტაპზე 100 ლარით დაჯარიმდება და მიეცემა 10-დღიანი გამოსასწორებელი ვადა, 30 კალენდარული დღის პერიოდში გამეორების შემთხვევაში კი საჯარიმო სანქცია სამმაგდება და 300 ლარია. იურიდიული პირების შემთხვევაში საჯარიმო სანქცია პირველ ეტაპზე 500 ლარი იქნება, გამეორების შემთხვევაში კი 1500. შეგახდენებთ, 2023 წლის 1-ლი იანვრიდან ბენზინის ძრავიანი ავტომობილის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისას ავტომობილის გამონაბოლქვში CO-ს დასაშვები ზედა ზღვარი შემცირდა და გახდა 0.55% უქმ სვლაზე.