დავით კიზირია: ციფრული ტრანსფორმაცია გლობალურ ბაზარზე პოზიციონირების შანსს გვაძლევს
საქართველოში ციფრული ტრანსფორმაციის კონსორციუმის შექმნის შემდეგ, საბჭო ჩამოყალიბდება.
ციფრული ტრანსფორმაციის კონსორციუმის კოორდინატორი დავით კიზირია „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, რომ საბჭოს მიზანია ადეკვატური პასუხების გაცემა იმ გამოწვევებზე, რომელსაც ეკონომიკის სფეროში ციფრული განვითარება აჩენს. საბჭო რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს - ეს არის, სტრატეგიული ხედვის შემუშავება ტრანსფორმაციის მიმართულებით, მეორე, კონკრეტული სერვისების განვითარება და მოდელების პილოტირება, პირველ ეტაპზე, იმ სფეროებში, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო კურირებს.
„ეს არ გულისხმობს უბრალოდ გაციფრულებას. ხშირად ციფრული ტრანსფორმაცია გაიგივებულია მხოლოდ პროცესების დიგიტალიზაციასთან. ციფრული ტრანსფორმაცია გულისხმობს არა მარტო არსებული სერვისების დიზანის, არამედ მოდელების დონეზე ტრანსფორმაციას, რაც გარკვეულად ცვლის სერვისებში ჩართული სუბიექტების როლსა და ფუნქციას.
ჩვენთან ისე მოხდა, რომ ციფრულის მიმართულებით წამყვანი როლი აქვს სახელმწიფოს, სახელმწიფო სსიპ-ებს. ახლა საუბარია იმაზე, რომ სწორედ სახელმწიფომ დაიკავოს თავისი ადგილი, როგორც პოლიტიკის შემმუშავებლის და გაჩნდეს სივრცე, სადაც ბიზნესი ამ ჩარჩოს ფარგლებში შექმნის ახალ-ახალ კონკურენტულ სერვისებს, რაც საშუალებას მისცემს, ერთი მხრივ განვითარდეს, სახელმწიფოს აღარ დასჭირდეს ინვესტირება და დაიზოგოს საბიუჯეტო სახსრები. ამავდროულად გაჩნდეს ახალი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, მოქალაქეებმა მიიღონ უფრო მეტი ალტერნატივა, რადგან შეძლონ თავად აირჩიონ ხარისხის მიხედვით მათთვის საინტერესო სერვისები“, - აღნიშნა დავით კიზირიამ.
მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ გაჩნდება ქართული პროდუქტები, რომელიც ექსპორტზე გავა და გლობალურ ბაზარზე შესაძლებელი გახდება პოზიციონირება.
„ასეთ მოდელს წარმატებით იყენებს მაგალითად ამერიკა. ასე შეიქმნა SpaceX, - თავის დროზე კოსმოსური ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების მთავარი დონორი სწორედ სახელმწიფო გახდა, მაგრამ როდესაც ის უკვე მიმზიდველი გახდა ბიზნესისთვის, სახელმწიფო ინვესტორის როლიდან გამოვიდა.
ჩვენთან ადრეულ რეფორმებში წამყვანი ადგილი სსიპ-ებს ეჭირათ, რაც, უკვე ვხედავთ, რომ არაეფექტურია. ფაქტობრივად ჩვენ არ გვაქვს არცერთი პროდუქტი, რომელსაც ბაზარზე გავიტანთ. ამ სსიპ-იზაციამ გამოიწვია ის, რომ რაც ხელშემწყობი უნდა ყოფილიყო, დღეს ფაქტობრიბად შემაფერხებელი ფაქტორიც კი არის“, - აღნიშნა დავით კიზირიამ.
დავით კიზირიას თქმით, დღეს საჯარო სერვისების ციფრული ტრანსფორმაციის შემთხვევაში ბევრი მათგანი უბრალოდ ვერ იფუნქციონირებს, რადგან ტექნოლოგიურად მოძველებული მოდელია.
გარდა ამისა, მისი თქმით, მნიშვნელოვანია კაპიტალის ბაზრის განვითარება. დღეს მასზე წვდომა შეზღუდულია, რაც აფერხებს განვითარებას და იმ შესაძლებლობების გამოყენებას, რასაც თანამედროვე ეკონომიკა აჩენს.
„თუ მოდელის ტრანსფორმაცია მოხდა, პირველი შედეგი 2 წელიწადში უნდა ვნახოთ. მთავარია, პოლიტიკური გადაწყვეტილებები. საუბარია იმაზე რომ სახელმწიფომ შექმნას თამაშის წესები და შემდეგ მოთამაშეებმა საკუთარი რისკებით განავითარონ კონკრეტული სერვისები იმ საკანონმდებლო ჩარჩოში, რომელსაც ქმნის მთავრობა და პარლამენტი.
საქართველო ცნობილია, როგორც რეფორმების ბრენდი. ქვეყანას აქვს გარკვეული რეპუტაცია აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში, როგორც რეფორმების, ასევე ელექტრონული მმართველობის მიმართულებით. ვხედავთ, რომ უამრავი პროგრამისტი და IT სფეროში მომუშავე ინტერსდება საქართველოთი. უბრალოდ, ჩვენ არ გვაქვს დღეს პროდუქტი, რომელიც შეგვიძლია გავიტანოთ. შესაბამისად, რეფორმების, პილოტირების დანერგვა საშუალებას მოგვცემს, კონკრეტული მაგალითებით გავიდეთ გლობალურ ბაზარზე, სადაც დიდი მოთხოვნა გაჩნდება, მას შემდეგ რაც ომი დამთავრდება და სავარაუდოდ პუტინის რეჟიმიც დაემხობა. ბაზარი დიდია, ამ ბაზრისთვის უნდა დავიწყოთ მზადება. ვხედავთ, რომ ომში მყოფი უკრაინაც კი, ამ მიმართულებით აქტიურობს, საკანონმდებლო ინიციატივები ქვეყანაში მიღებულია და ხელმოწერილია ზელენსკის მიერ, სწორედ ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების და ეკონომიკის ხელშეწყობის მიმართულებით. შესაბამისად, გვაქვს შანსი, დრო გამოვიყენოთ, განვავითაროთ ბაზარზე და დავიკავოთ გარკვეული ნიშა“, - აღნიშნა დავით კიზირიამ.
მისივე თქმით, ციფრული ტრანსფორმაციის წარმატებისთვის მნიშნელოვანია ფართო ჩართულობა.
"შეხვედრაზე ეკონომიკის მინისტრის გაჟღერებული ინიციატივა - მოხდეს საჯარო-კერძო პარტნიორობის თანამშრომლობითი პლატფორმის შექმნა - მნიშვნელოვანი სიგნალია და ამ პროცესის სწრაფი განვითარების პერსპექტივებს აჩენს, რადგან ციფრული ტრანსფორმაციის წარმატება სწორედ ასეთი ფართო ჩართულობით არის შესაძლებელი," - განმარტავს კიზირია.