ეკონომიკა
10/05/2021

დავით გონდაური: პანდემიამ კომპანიების მასშტაბური გაციფრულება შეუქცევადი გახადა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ასოცირებული პროფესორი დავით გონდაური „ბიზნესპარტნიორთან“ საქართველოში  ციფრული ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებზე საუბრობს.

რა გაკვეთილი მოგვცა პანდემიამ ეკონომიკის დიჯიტალიზაციიდან გამომდინარე და რა დონეზეა საქართველო, რას შეგვიძლია მივაღწიოთ და რა უნდა გააკეთოს მთავრობამ ამ მიმართულებით - ამ კითხვებზე პასუხად გონდაური აცხადებს, რომ თანამედროვე ეტაპზე, ციფრული ტექნოლოგიები ქმნის  ახალ შესაძლებლობებს ნებისმიერი ზომისა და ნებისმიერ სფეროში მოქმედი ბიზნესისთვის და ამ ტენდენციას ძალუძს კორონავირუსის დაავადების (კოვიდ-19) პანდემიისგან მდგრად აღდგენაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა.

მისი განმარტებით, პანდემიამ შექმნა ახალი რეალობა, სადაც  სისტემები შეიძლება იმართოს დისტანციურად, ადამიანებმა შეიძლება იმუშაონ ონლაინ, ხოლო მომხმარებელმა მიიღოს სასურველი მომსახურება ან პროდუქტი სახლიდან გაუსვლელად იმაზე სწრაფად და იაფად, ვიდრე ჩვეულებრივ მდგომარეობაში.

2021 წლის აზიის ეკონომიკური ინტეგრაციის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბიზნესიდან მომხმარებელზე ორიენტებული ციფრული პლატფორმების შემოსავალმა 2019 წელს მსოფლიოში 3.8 ტრილიონი დოლარი შეადგინა, რომლის 48% ანუ 1.8 ტრილიონი დოლარი აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონზე მოდის და რეგიონის მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ია. მოსალოდნელია, რომ ეს მაჩვენებელი 2020 წელს მნიშვნელოვნად გაზრდილიყო, რადგან კოვიდ-19-ის გავრცელების შესაკავებლად მიღებული ზომების შედეგად, მეტმა ბიზნეს-გადარიცხვამ, ­— როგორიცაა მგზავრობა, საკვების მიწოდება და ელექტრონული კომერცია, — ციფრულ სამყაროში გადაინაცვლა.

„დაჩქარებულ ციფრულ ტრანსფორმაციას შეუძლია გლობალური წარმოების, ვაჭრობისა და კომერციის და დასაქმების გაზრდა. ანგარიშის მიხედვით, გლობალური ციფრული სექტორის 20%-იან მატებას შეუძლია გლობალური წარმოების 2021-2025 წლებში წლიურად საშუალოდ 4.3 ტრილიონით გაზრდა. შესაბამისად აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონს შეუძლია წლიურად 1.7 ტრილიონი აშშ დოლარის ოდენობის ეკონომიკური დივიდენდი მიიღოს ანუ 5 წლის განმავლობაში 2025 წლამდე 8.6 ტრილიონ აშშ დოლარზე მეტი. 2025 წლამდე რეგიონში 65 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების ზრდის კვალდაკვალ და ასევე მოსალოდნელია მომდევნო 5 წლის განმავლობაში რეგიონული ვაჭრობა წლიურად 1 ტრილიონი აშშ დოლარით გაიზარდოს,“ - აცხადებს გონდაური.

მისივე განმარტებით, პანდემიამ საქართველოში დააჩქარა ტექნოლოგიური განვითარება და გაციფრულება. ადამიანებმა მოკლე დროში შეიძინეს მნიშვნელოვანი ციფრული უნარები. მიუხედავად პანდემიით გამოწვეული დიდი ზიანისა. ვფიქრობ, 2020 კარგი წელი იყო ტექნოლოგიური განვითარების თვალსაზრისით. პანდემიის გავლენით საქართველოში კომპანიების სწრაფი და მასშტაბური გაციფრულება შეუქცევადი პროცესი გახდა. გაციფრულებამ კომპანიებს მისცა საშუალება, გაეფართოვებინა პროექტების მართვის გეოგრაფიული არეალი, დაეზოგა კრიზისში საწარმოო ხარჯები, მიეცა კლიენტისთვის პროექტების დროულად შესრულების გარანტია.

„ციფრული ეკონომიკა მომავლის ეკონომიკაა და მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. სხვა ბევრ ინდუსტრიასთან ერთად, დიჯიტალიზაცია აქტიურად შემოდის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ინდუსტრიაში და ამ მხრივ გამონაკლისი ვერც საქართველო იქნება. ციფრული ეკონომიკის განვითარება ბიზნესს ფინანსების მოსაძიებლად საბანკო სექტორის ალტერნატიულ გზას გაუჩენს.  თანამედროვე ინოვაციების ათვისების შემთხვევაში, საქართველოს შეუძლია მომხმარებლური ქვეყნიდან მწარმოებელ ქვეყნად იქცეს. ამისათვის საჭიროა ციფრული აქტივების სწორი რეგულირება საქართველოში მაგალითად, AML პოლიტიკის გატარება, ინვესტორთა დაცვა. შედეგი - არსებული კომპანიებისა თუ სტარტაპ პროექტების ციფრული აქტივების გამოშვება. კრიპტოლიბერალური რეფორმა გლობალური სივრციდან შემოიყვანს კომპანიებს, რაც ჯამში კაპიტალის ბაზრის, ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებას გამოიწვევს. ყოველივე ეს დადებითად აისახება, როგორც ლარის კურსზე, ასევე სამუშაო ადგილების ზრდის მაჩვენებელზე,” - აცხადებს გონდაური.

მისივე შეფასებით, საქართველოს საგარეო პერსპექტივები მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული მის სავაჭრო პარტნიორებთან განვითარებულ მოვლენებზე. მთავრობებს მზარდი ციფრული ეკონომიკის გაძლიერება შეუძლიათ პოლიტიკისა და რეფორმების გატარების გზით და შესაბამისად სარგებლის მიღებაც, ციფრული ინფრასტრუქტურისა და დაკავშირებადობის გასაუმჯობესებლად. ეს ნაბიჯები გულისხმობს სამართლიანი კონკურენციის წახალისებას და ბიზნესის კეთების გამარტივებას, ისევე როგორც უსაფრთხო სამუშაო გარემოსა და სოციალური დაცვის საშუალებების შესაბამისობას ციფრულ სამუშაო ადგილებთან. ანგარიშში ასევე აქცენტი კეთდება პირადი მონაცემების დაცულობასა და უსაფრთხოებაზე, გადასახადებზე, საჯარო და კერძო ინსტიტუტებს შორის პარტნიორობასა და რეგიონულ თანამშრომლობაზე.

შეგახსენებთ, მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები აქტიურად მიგვითითებენ და ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის განვითარების რეკომენდაციას გვაძლევენ. ეს საკითხი პანდემიამ კიდევ უფრო აქტუალური გახდა. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები აცხადებენ, რომ მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს არა მხოლოდ საჯარო სერვისების დიჯიტალიზაციას, არამედ ასევე კომპანიების გაციფრულებასაც.

გარდა ამისა, ეროვნულმა ბანკმა უკვე გააჟღერა ციფრული ლარის თემაც და ამ საკითხთან დაკავშირებით ფინტექ კომპანიების მოწვევაზე განცხადებაც გაავრცელა. რამდენიმე დღის წინ კი უკვე პრემიერის ახალმა მრჩეველმა აზილ ჰუდაკიმ აღნიშნა, რომ ეკონომიკის გაციფრულება ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია.