ეკონომიკა
05/01/2022

ბიზნეს ობიექტებში დასაქმებულთა სავალდებულო ტესტირებას სახელმწიფო 1 თებერვლამდე დააფინანსებს

2022 წლის თებევრლიდან სავაჭრო ცენტრებში, ბაზრებსა და ბაზრობებში, ასევე საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტებში, რესტორნებსა და სასტუმროებში მომუშავე პირებს სახელმწიფო სავალდებულო ტესტირებას აღარ დაუფინანსებს. მანამდე ამ ვადად იანვარი იყო განსაზღვრული, თუმცა საქართველოს მთავრობის ახალი, 2021 წლის 29 დეკემბრის განკარგულებით, ამ პერიოდმა ერთი თვით, 1 თებერვლამდე გადაიწია.

კერძოდ, მოქმედი წესით,  სავაჭრო ცენტრებში (ე. წ. მოლები) მომუშავე პირების შემთხვევაში: 30 და მეტი მომუშავე ადამიანის შემთხვევაში ყოველ 14 დღეში ერთხელ 20% იტესტება უპირატესად ანტიგენის სწრაფი ტესტით ან პისიარ-მეთოდით.

რაც შეეხება ბაზრებში და ბაზრობებზე (გარდა აგრარული) მომუშავე პირებს – 30 და მეტი მომუშავე პირის შემთხვევაში – ყოველ 14 დღეში ერთხელ იტესტება 20% უპირატესად ანტიგენის სწრაფი ტესტით ან პისიარ მეთოდით.

საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტებში მომუშავე პირების შემთხვევაში კი (გარდა სასურსათო მაღაზიების, სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების რეალიზაციის, ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდების, სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის ობიექტებისა) – 30 და მეტი მომუშავე პირის შემთხვევაში – ყოველ 14 დღეში ერთხელ 20% იტესტება უპირატესად ანტიგენის სწრაფი ტესტით ან პისიარ მეთოდით.

სწორედ აღნიშნული კატეგორიის ადამიანებს ეხება ის ცვლილება, რომლის თანახმად მათ სახელმწიფო ტესტირებას აღარ დაუფინანსებს. რაც შეეხება იმას, სავალდებულოდ დარჩება თუ არა ზემოთჩამოთვლილი ვალდებულება თანამშრომლების გარკვეული ნაწილის გატესტვის შესახებ, შრომის ინსპექციაში jandacva.ge-ს განუმარტეს, რომ აღნიშნული ვალდებულება შესაბამისი პერიოდითა და გასატესტი ადამიანების პროცენტული წილით ძალაში რჩება, თუმცა ეს წილი დაიანგარიშება აუცრელი თანამშრომლების რაოდენობიდან.

უწყებაში აცხადებენ, რომ მათ აქვთ აღნიშნულ ობიექტებში დასაქმებულთა ბაზები, რომლის საშუალებითაც მარტივად კონტროლდება ტესტირების მაჩვენებელი ამა თუ იმ ორგანიზაციაში.

რაც შეეხება იმას, თუ ვინ გაიღებს ტესტირების ხარჯს – დასაქმებული თუ მოლების ადმინისტრაცია – ეს თავად ბიზნეს-სუბიექტების გადასაწყვეტია.

jandacva.ge