არჩილ მესტვირიშვილი: ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს 2023 წლის მეორე ნახევარში მიუახლოვდება
სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს 2023 წლის მეორე ნახევარში მიუახლოვდება.
არჩილ მესტვირიშვილი აქვე დასძენს, რომ ეს იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ახალი შოკები არ შეიქმნება, რისი პროგნოზირებაც რთულია.
"2021 წელი, ისევე როგორც გლობალურად, საქართველოსთვისაც გამოწვევებით სავსე იყო. კოვიდპანდემიიდან ეტაპობრივად გამოდიოდა მსოფლიო, რამაც გავლენა იქონია საერთაშორისო ფასებზე და შესაბამისად აისახა ინფლაციაზე. 2021 წელს ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდება არათანაბარი იყო. წლის პირველი კვარტალი მსოფლიოში იყო სუსტი და შემდეგ უკვე როდესაც დაიწყო აღდგენა, კოვიდპანდემიიდან გამოსვლის პერიოდის, დაგროვილი მოთხოვნა ერთობლივად გაჩნდა, მიწოდების ჯაჭვები იყო შეზღუდული, რამაც გამოიწვია ფასების ზრდა. პირველ რიგში ეს შეეხო საერთაშორისო ტრანსპორტირების ფასებს, რომელიც რამდენჯერმე გაიზარდა, ინდექსი, პანდემიამდე პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 6-ჯერ გაიზარდა, ახლა ცოტა გაუმჯობესებაა, თუმცა მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე იყო პანდემიამდელ პერიოდში.
ასევე გაიზარდა ნავთობზე მოთხოვნა და ფასები. თუ საშუალოდ 2020 წელს 40 დოლარის ფარგლებში იყო ბარელზე ნავთობი, 2021 წელს 70 დოლართან ახლოს იყო. ახლა უკვე 110 დოლარზე მეტია. ამას შესაბამისად საქართველოშიც ჰქონდა ასახვა.
2021 წლის ბოლოს, წლიურმა ინფლაციამ 13.9% შეადგინა. საშუალო წლის განმავლობაში 9.6% იყო, აქედან სურსათის წილი იყო 3.1%-ული პუნქტი, საწვავის წილი 1.4%-ული პუნქტი. დაახლოებით 3.4% -ული გავლენა ჰქონდა კომუნალურ ფასების ცვლილებას. ჯამურად ინფლაცია მოსალოდნელზე მეტი იყო. გადააჭარბა მიზნობრივ მაჩვენებელს, რის გამოც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაიწყო ეტაპობრივად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება. მსგავსი სიტუაცია იყო განვითარებულ ქვეყნებში.
გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის და ერთჯერადი შოკების ეტაპობრივად მილევის კვალდაკვალ ჩვენი პროგნოზი იყო, რომ ინფლაცია დაიწყებდა შემცირებას, მიმდინარე წლის მარტიდან, თუმცა მიმდინარე წელს დაემატა ახალი შოკი, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყება, რამაც სასურსათო ბაზარზე თავისი გავლენა იქონია, განსაკუთრებით ჩვენი რეგიონისათვის. თუმცა უფრო მნიშვნელოვანი იყო ის სანქციები, რომელიც რუსეთს დაუწესდა, რამაც გავლენა მოახდინა ენერგორესურსების ფასებზე.
ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ საგარეო ფაქტორების მილევის შემდეგ, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს მომავალი წლის შუაში მიუახლოდვება, თუ ახალი შოკი არ გაჩნდება, რისი პროგნოზირებაც შეუძლებელია", - განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა კომიტეტის სხდომაზე.