ანაკლიის პორტის მშენებლობით თურქული კომპანია დაინტერესდა
ანაკლიის პორტის მშენებლობით თურქული კომპანია დაინტერესდა.
როგორც "ბიზნესპარტნიორს" აზიისა და გალფის ქვეყნების ბიზნეს საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა დავით ცირდავამ განუცხადა, თურქული მხრიდან ინტერესი საკმაოდ დიდია და ამ მიმართულებით აქტიური მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.
„ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, ჩვენი პალატის მიერ, არა ერთხელ იყო გაჟღერებული, რომ გარკვეული დაინტერესება არის. მზაობაა იმაზე, რომ შემოვიდეს როგორც საინვესტიციო ფონდი და მოხდეს დაფინანსება, ასევე დიდი თურქული ჰოლდინგური კომპანია, რომელსაც ამჟამად ვერ დავასახელებ, თუმცა ის დიდ ინტერესს გამოთქვამს, რომ განახორციელოს ინვესტიცია ანაკლიის პორტის პროექტში.
მიმდინარეობას შესაბამის მხარეებთან მოლაპარაკება, ბევრი დეტალია დასაზუსტებელი. თუმცა, ინტერესი თურქების მხრიდან არის მკაფიო. მათ კარგი სამუშაო გამოცდილება გააჩნიათ პორტებთან დაკავშირებით“,- აცხადებს ცირდავა.
ცნობისთვის, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთი გადაწყვეტილება მიიღო და ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. ეკონომიკის სამინისტრო კი იქნება ის უწყება, რომელიც რამდენიმე თვეში საერთაშორისო კონსულტანტების ჩართულობით, ანაკლიის პორტის პროექტის საუკეთესო ინვესტორს დაასახელებს.
ამის პარალელურად, სახელმწიფო განაახლებს არსებულ საინჟინრო- გარემოსდაცვით კვლევებს და პორტისთვის საჭირო გარკვეულ სამშენებლო სამუშაოებსაც დაიწყებს. მათ შორის, მიმდინარე წლის ბოლოს, ან მომდევნო წლის დასაწყისში უნდა დაიწყოს გზის და რკინიგზის მშენებლობა.
მთავრობის შეფასებით, იქამდე, სანამ ახალი ინვესტორი შეირჩევა, სახელმწიფო პორტის განვითარებაში ინვესტიციებს დამოუკიდებლად განახორციელებს. ინტერესთა გამოხატვის შედეგად შერჩეულ ინვესტორთან ერთად კი , დაფუძნდება ერთობლივი კომპანია, სადაც დაგეგმილია, რომ სახელმწიფო იქნება 51 პროცენტის მფლობელი, ხოლო კერძო პარტნიორი - 49 პროცენტის მფლობელი.
რაც შეეხება ინტერესთა გამოხატვის დეტალებს, ანაკლიის პორტის პროექტზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი და კომისია, საერთაშორისო კონსულტანტების დახმარებით შეაფასებს შემოსულ განაცხადებს, ერთი თვიდან ორი თვემდე პერიოდში. განაცხადების შეფასება მოხდება ტექნიკურ, საინვესტიციო, ფინანსური, ადამიანური რესურსების მართვისა და საოპერაციო მოთხოვნების გათვალისწინებით.
შეგახსენებთ,საქართველოს მთავრობამ პროექტის თავდაპირველ ავტორ და განმახორციელებელ კომპანია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ პორტის მშენებლობის გენერალური შეთანხმება 2020 წლის იანვარში, ცალმხრივად გაწყვიტა, რასაც კონსორციუმისა და მისი ინვესტორის, ბობ მეიერის მხრიდან საერთაშორისო საარბიტრაჟო დავის დაწყება მოჰყვა. აღნიშნული დავებით მოთხოვნილი კომპენსაცია $1.5 მლრდ-ს აჭარბებს.