ახალი ტვირთები და ახალი მომწოდებლები - ქართულ პორტებზე მოთხოვნა იზრდება
ტენდენციები სასუქების საერთაშორისო ბაზარზე; კარბამიდის ბაზარი - კასპიის, შავი და ხმელთაშუა ზღვის რეგიონებში; სასუქების კონტეინერული და მულტიმოდალური გადაზიდვები - ახალი შესაძლებლობები მომწოდებელთათვის - ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაზე -„Argus-მინერალური სასუქები-2022. დსთ-ს ქვეყნების, კასპიისა და შავი ზღვის ბაზრები“ განიხილეს.
კონფერენციაზე აღინიშნა, რომ ქართული პორტების მიმართ ინტერესი საერთაშორისო ბაზრებზე კიდევ უფრო გაიზარდა. საქართველომ წელს პირველად, ახალი ტვირთის და მწარმოებლების მოზიდვაც შეძლო. როგორც დარგის სპეციალისტები ამბობენ, ქვეყანას აქვს რესურსი, გახდეს მინერალური სასუქების ერთ-ერთი მსხვილი მწამოებელიც და ამ შედეგის მიღწევა რამდენიმე წელში იქნება შესაძლებელი.
კონფერენციის სტრატეგიული პარტნიორები კომპანიები Wondernet Express Investment Group და Trammo იყვნენ. მათი თაოსნობით, ბათუმის პორტის ტერიტორიაზე, მინერალური სასუქების გადამზიდი მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობა 2021 წელს დასრულდა, ტერმინალი ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან წამოსულ ტვირთს საქართველოს გავლით დასავლურ ბაზართან აკავშირებს.
„ჩვენმა ტერმინალმა ერთი წლის განმავლობაში 700 ტონამდე ტვირთი გაატარა. რა თქმა უნდა, კიდევ მეტი გვაქვს სამუშაო. ჩვენ შეგვიძლია 2 მილიონი ტონა ტვირთის გადამუშავება და ვგეგმავთ ამ მაჩვენებელზე ერთ წელში გავიდეთ. ჩვენ ვიყავით პირველი კომპანია, რომელმაც ახალი ტვირთი მოიზიდა უზბეკეთიდან და ეს იყო პირველი პრეცედენტი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა კომპანია Wondernet Express Investment Group-ის გენერალურმა დირექტორმა მამუკა მურჯიკნელმა.
საქართველოს, როგორც სატრანზიტო ჰაბის მნიშვნელობაზე საუბრობენ, მინერალური სასუქების მწარმოებელ და გადამზიდავ საერთაშორისო კომპანიებშიც.
„ინტერესი ქართული პორტების მიმართ მზარდია. მოხარულებული ვართ, რომ ქართული ბიზნესი და ზოგადად საქართველო, დიდ ყურადღებას აქცევს სატვირთო გადაზიდვების საკითხს. იზრდება გამტარუნარიანობა, ინფრასტრუქტურა უმჯობესდება და ვიმედოვნებთ, ეს კონფერენცია კიდევ უფრო განავითარებს ჩვენს პარტნიორულ ურთიერთობებს“, - განმარტა იგორ ბრატცევმა კომპანია Quest Group-ის წარმომადგენელმა.
„ჩემთვის როგორც საინვესტიციო კომპანიის წარმომადგენლისთვის, კავკასია დღეს არის სატრანზიტო ჰაბი სასუქების ტრანსპორტირების მიმართულებით, ისეთი ქვეყნებისათვის, როგორებიცაა: უზბეკეთი, თურქმენეთი და ყაზახეთი. მინერალური სასუქების ტრანსპორტირება ქართულ პორტებში, ბათუმსა და ფოთში, მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისთვის და ყველა იმ ქართული კომპანიისთვის, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს“, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ ნატალია დემჩენკომ, კომპანია Asstra-Associeted-ის წარმომადგენელმა.
„ჩვენ უკვე მეორე წელია, რაც ამ კონფერენციაში ვმონაწილეობთ. ვფიქრობ, კონფერენცია მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომელიც წარმოადგენს ლოგისტიკურ ჰაბს, თავისი შავი ზღვის პორტებით, რომლებთანაც ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ და საიდანაც ვაგზავნით ევროპაში კონტეინერებს. ამ კონფერენციამ გააერთიანა ამ სფეროს ყველა დიდი სპეციალისტი, ამიტომ, როგორც საერთაშორისო, ისე ქართული კომპანიებისთის, ეს კონფერენცია პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების და სამომავლო გეგმების დასახვის კარგი შსაძლებლობაა“, - აღნიშნა კამალ გუსეინოვმა, კომპანია IK Group-ის წარმომადგენელმა.
ბათუმის მინერალური სასუქების გადამზიდი მულტიმოდალური ტერმინალი - სრულიად ავტომატიზირებულია და მოიცავს თანამედროვე ვაგონ მცლელს, კონვეირების ლენტურ სისტემებს, გემის დამტვირთველს, ფილტრაციის უახლეს ტექნოლოგიებსა და თანამედროვე სახანძრო სისტემებს. ობიექტზე დასაქმებულია 150-მდე ადამიანი, რომელთა უდიდესი ნაწილი ადგილობრივი მკვიდრია.