"ახალი რეფორმის შედეგად, სახელმწიფოსა და ბიზნესებისათვის ეკოსისტემა იცვლება"
გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, 2025 წლიდან საჯარო შესყიდვების სფეროს ახალი კანონი დაარეგულირებს.
როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა ნანობაშვილი გადაცემა "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, აღნიშნული კანონი 2025 წლის 1 იანვრიდან შედის ძალაში და მისი არსებობით, სახელმწიფომ ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებთან ერთად, საქართველო-ნატოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებიდანაც ვალდებულებაც შეასრულა.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული რეფორმის შედეგად, ახალი პროცედურებისა და ინსტრუმენტების შემოღებით, როგორც სახელმწიფოს, ასევე ბიზნესების ეკოსისტემა იცვლება და ჯანსაღდება.
რაც შეეხება "შავ სიებს", ნანობაშვილის განმარტებით, "შავ სიაში" რეგისტრაციის განსხვავებული ვადები დაწესდა.
"ბიზნესებთან შეხვედრისას, ისინი სამართლიანად აკრიტიკებდნენ იმ ნორმას, რომელიც ერთ სიბრტყეში აქცევდა ბიზნესებს, რომლებმაც ნაკისრი ვალდებულება დროულად ვერ შეასრულეს და იმ ბიზნესებსაც, რომლებიც არაკეთილსინდისიერად საქმიანობდნენ.
ორივე შემთხვევაში, ისინი 1 წლის ვადით სახელმწიფო შესყიდვებში ვეღარ მონაწილეობდნენ. აქედან გამომდინარე, "შავ სიაში" რეგისტრაციის დიფერენცირებული ვადები დაწესდა.
იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს ტერორიზმში მხარდაჭერას, თაღლითობას ან სხვა ეკონომიკური ბლოკის დარღვევას, შავ სიაში ისინი 3 წლის ვადით დარეგისტრირდებიან. არაკეთილსინდისიერი ქმედების შემთხვევაში 2 წლის ვადით. ისეთი დარღვევა, რომელიც ვალდებულების ვერ შესრულებასთან არის დაკავშირებული, 1 წლის ვადით "შავ სიაში" რეგისტრაციას გულისხმობს, ხოლო ობიექტური მიზეზებისდა გამო დარღვევის შემთხვევაში, შესაძლებელია შესყიდვების სააგენტო მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლოს,"-აცხადებს ნანობაშვილი.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე აღნიშნავს, რომ ადრე თუ ბიზნესი "შავ სიაში" 1 წლის ვადით ხვდებოდა, მას სასჯელი ბოლომდე უნდა მოეხადა, თუმცა ახლა, იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესი ორგანიზაციულ, ტექნიკურ და საკადრო რეფორმას გაატარებს, შესაძლებელი იქნება კომპანია "შავი სიიდან" ვადაზე ადრე ამოვიდეს.
გარდა ამისა, ახალი კანონი 2027 წლიდან სერტიფიცირების სავალდებულო პროცესის დაწყებას ითვალისწინებს. ნანობაშვილის ინფორმაციით, ყველა შემსყიდველ ორგანიზაციაში დასაქმებულ მოხელეს ვალდებულება ექნება, რომ სერტიფიცირების კურსი გაიაროს და შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სერტიფიკატი მიიღოს.
აღსანიშნიშნავია, რომ პირობების დაკმაყოფილება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ 2029 წლიდან ნორმა შემოდის, რომელიც მოხელეს უკრძალავს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებას, თუ ის არ ფლობს ამ სერტიფიკატს.
ცნობისთვის, მიმდინარე წელს "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" ახალი კანონმდებლობა განისაზღვრა, რომელიც საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემას ევროკავშირის მოთხოვნებთან აახლოებს, ასევე აწესებს ახალ პროცედურებს გამარტივებული შესყიდვების მიმართულებით.
რეფორმა ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყო, ხოლო 2025 წლამდე 30-მდე ნორმატიული აქტი უნდა მიიღონ.