ახალი პორტალი ამოქმედდა - რეგიონის დონეზე სტატისტიკური ინფორმაციის მოძიება ყველასთვის გამარტივდა
ქართულ ბაზარზე ახალი ვებგვერდი ამოქმედა - სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ინტერაქტიული პორტალი ,,რეგიონული და მუნიციპალური პორტალი“ წარადგინა.
რეგიონული და მუნიციპალური პორტალი ხელმისაწვდომია ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის და საშუალებას აძლევს მათ, კიდევ უფრო მარტივად და სწრაფად მოიძიონ მათთვის სასურველი სტატისტიკური ინფორმაცია, როგორც რეგიონის, ასევე მუნიციპალიტეტის დონეზე.
აღსანიშნავია, რომ პორტალი ევროკავშირის, დანიისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში მომზადდა და მისი მიზანია მუნიციპალურ დონეზე სტატისტიკური შესაძლებლობების განვითარება, სტატისტიკის წარმოების გაუმჯობესება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ადგილობრივ დონეზე განვითარების ღონისძიებების დაგეგმვასა და მონიტორინგს.
საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის ინფორმაციით, პორტალი შესაძლებლობას იძლევა, შედარდეს ძირითადი მაჩვენებლები, როგორც რეგიონების ასევე მუნიციპალიტეტების დონეზე. პორტალზე არსებული 80-მდე მაჩვენებელი მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა: მოსახლეობა და დემოგრაფია, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, განათლება, კულტურა, მშენებლობა, ტურიზმი, ბიზნესრეგისტრი, ბიზნესსექტორი და სხვა.
„მუნიციპალური და სტატისტიკის პორტალი არის ძალიან მნივნელოვანი რესურსი, რისი მეშვეობითაც შეგვიძლია თვალი მივადევნოთ 64 მუნიციპალიტეტის სტატისტიკას სხვადასხვა ინდიკატორისა და მახასიათებლების მიხედვით. ასევე შეგვიძლია მივიღოთ გენდერული, ან ეკონომიკური ნიშნით სეგრეგირებული მონაცემები , რაც მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტებში არსებული მდგომარეობის შესაფასებლად“, - აღნიშნა ნიკ ბერესფორდმა, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში.
„მუნიციპალიტეტებს სჭირდებათ სანდო და გამჭვირვალე სტატისტიკური ინფორმაცია, რათა თავისი საჭიროებები სწორად შეაფასონ და შესაბამისი პროგრამები დაგეგმონ. დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის მხარდაჭერის ფარგლებში, დანია ხელს უწყობს მუნიციპალური სტატისტიკის შეგროვების გაუმჯობესებას საქართველოში“, - აღნიშნა ენ ტოფტ სორენსენმა, დანიის ელჩმა საქართველოში.
ცნობისთვის, მუნიციპალიტეტების დონეზე სტატისტიკური მონაცემების წარმოების შესაძლებლობების ზრდა საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების 2020-2023 წლებისა და დეცენტრალიზაციის 2020-2025 წლების სტრატეგიებით განსაზღვრული ერთ-ერთი პრიორიტეტია.