ეკონომიკა
13/12/2022

აკაკი ჩარგეიშვილი: ნებისმიერი ინვესტორისთვის სახელმწიფოა სტაბილურობის გარანტი

„ჩარგეიშვილის საადვოკატო დარბაზის“ დამფუძნებელ აკაკი ჩარგეიშვილისთვის მიუღებელია მოსაზრება იმის შესახებ, რომ რომელიმე ინვესტორი სახელმწიფოს მონაწილეობის მხრიდან რაიმე შეზღუდვაში იქნება მაშინ, როდესაც სახელმწიფოს მონაწილეობის კონტრიბუცია მაღალი იქნება.

სამართალმცოდნე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის (ADC) მიერ გავრცელებულ განცხადებას "ბიზნესპარტნიორთან" ეხმაურება და აცხადებს, რომ ნებისმიერი ინვესტორისთვის სახელმწიფო სტაბილურობის გარანტია იმისთვის, რომ საქმე გაკეთდეს. მითუმეტეს, რომ ინვესტორებში ყოველთვის კონკურენცია არსებობს.

„ანაკლიის პორტის პროექტი ჩვენი ქვეყნის ნაწილია და მასზე ყოველთვის გული შემტკივა. თუმცა, მგონია, რომ არასრულყოფილ ინფორმირებულობასთან გვაქვს საქმე. წლების წინ თავად კონსორციუმი სახელმწიფოს მხრიდან გარკვეულ თანადგომას ითხოვდა, თავად კონსორციუმის მოთხოვნის ნაწილი იყო, როდესაც სახელმწიფომ თავის თავზე აიღო იურიდიული პასუხისმგებლობა და საქართველოს კონსტიტუციაში სპეციალური სტატუსის დაშვებით, ანაკლიის არამხოლოდ ინფრასტრუქტურული ნაწილი, არამედ იურისდიქციის მიმართულებით, ქალაქის სტატუსში განსხვავებული მოთხოვნებით შევიდა.

ზოგადად, არსებობენ ინვესტორები, რომლებსაც სახელმწიფოს თანადგომის ქვეშ ურჩევნიათ პროექტების განხორციელება და მეორენი, - ვინც პირიქით ფიქრობს, “ -აცხადებს ჩარგეიშვილი.

მისივე განცხადებით, ჩინური კომპანიების დიდი ნაწილი, ვინც საქართველოში ოპერირებს, სახელმწიფო კომპანიაა. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს კონტრიბუცია არ ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ ფინანსურ მონაწილეობას. პირიქით, ეს შეიძლება მეტი შესაძლებლობა იყოს იმისათვის, რომ ინვესტორს ჰქონდეს გარანტი, რომ სახელმწიფომ რაღაც გადაწყვეტილებები მყისიერად მიიღოს.

„მაგალითად, 1998 წლის დეკემბერში AES Silk Road Holdings B.V-მ კორპორაცია AES-მა სააქციო საზოგადოება „თელასის“ აქციათა 75% შეიძინა. მაშინ სახელმწიფო 25%-ით იყო წარმოდგენილი. მაშინ ამერიკელმა ინვესტორმა შეიძინა „თელასი“, თუმცა, სახელწმიფოს თავისი წარმომადგენელი ჰყავდა. პროცესი არაჩვეულებრივად მიმდინარეობდა. მაშინ ინვესტორი იყო ამერიკელი, მათ განახორციელეს ინვესიტიცები და არანაირი ხელშეშლა სახელმწიფოს მონაწილეობას მათ საინვესტიციო კონტრიბუციაში არ ჰქონია,“-აცხადებს ჩარგეიშვილი.

შეგახსენებთ, ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა (ADC) პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 2022 წლის 12 დეკემბერს მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ კომენტარებთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება დღეს გაავრცელეს. მათი განმარტებით, სერიოზული ინვესტორი არ მიიღებს მონაწილეობას პროექტში, თუ მას სახელმწიფო აკონტროლებს.

მანამდე კი გაჟღერდა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება.

 

Businesspartner