ეკონომიკა
16/05/2023

"აღსრულების ეროვნული ბიუროს საშტატო ერთეულები საკმარისი არაა იმისთვის, რომ საპოლიციო გამოსახლების ფუნქცია შეასრულოს"

უძრავი ქონების ეროვნულ ასოციაციაში თვლიან, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს საშტატო ერთეულები საკმარისი არაა იმისთვის, რომ საპოლიციო გამოსახლების ფუნქცია შეასრულოს.  როგორც ასოციაციის იურისტმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა, დღედღეობის ათასობით საქმეა, რომელიც კანონიერ აღსრულებას ელოდება.

„წინა შემთხვევაში, საცხოვრებელი ფართიდან გამოსახლებაზე პასუხისმგებელი იყო შსს და ჩვენ ვიცით, შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენი განყოფილებაა თითოეულ ქალაქსა თუ რაიონში. მათი საშტატო ერთეულები ძალიან დიდია. რაც შეეხება აღსრულების ეროვნულ ბიუროს, მე ეჭვის თვალით ვუყურებ, რამდენად შეძლებს ის ამ ახალი ფუნქციის შეთავსებას. იმიტომ რომ დღესდღეობით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების აღსრულებაც ვერ ხდება და გვიანდება, იმიტომ რომ არ არის შესაბამისი რესურსი ბიუროში და ალბათ, ათასობით საქმეა აღსასრულებელი. თუ ამას დაემატება ეს ახალი ინიციატივა, რომელიც კანონის ძალას შეიძენს, გაზრდის მიმართვიანობას  და რთული სათქმელია, ბიურო შეძლებს თუ არა მისთვის დაკისრებული ახალი ფუნქციის შესრულებას.“-განაცხადა ოთარ კაჭკაჭიშვილმა.

მისივე თქმით, დღეს უძრავი ქონების მესაკუთრეები კანონიერი განაჩენის აღსრულებას წლების განმავლობაში ელოდებიან. როგორც ოთარ კაჭკაჭიშვილი ამბობს, უკანონოდ დაკავებული ფართის გათავისუფლების ნაწილში, აღსრულების ეროვნული ბიუროს ჩარევა მესაკუთრეთა უფლებების დაცვის კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯია.

„ეს საკითხი ჯერ არ არის საკანონმდებლო დონეზე ინიცირებული და მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმების  დონეზეა, თუმცა  ეს არის ერთ-ერთი კარგი დასაწყისი და მესაკუთრეთა უფლებების დაცვის კუთხით გადადგმული სწორი ნაბიჯი. შესაბამისად, ინიციატივას მივესალმებით. თუმცა საინტერესოა, როგორი იქნება მისი პრაქტიკაში განხორციელება. საპოლიციო გამოსახლების გაუქმების შემდეგ, უძრავი ქონების მესაკუთრეს უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისთვის უხდება სასამართლოსთვის მიმართვა. სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანას და მის კანონიერ ძალაში შესვლას კი ხშირად ორი-სამი წელი სჭირდება, რაც რა თქმა უნდა მესაკუთრეებისთვის დიდი პრობლემაა.“-აღნიშნა  ოთარ კაჭკაჭიშვილმა.

ცნობისთვის, უძრავი ქონებიდან გამოსახლების წესი შესაძლოა, შეიცვალოს. კერძოდ, მხარეები ქირავნობის ხელშეკრულებაში ჩაწერენ, რომ მესაკუთრეს უფლება ექნება დამქირავებლის მიერ პირობების დარღვევის შემთხვევაში, აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართოს და აღსრულების სერვისი დაჩქარებული წესით მიიღოს.

 

 

Businesspartner