ADB განვითარებადი აზიის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ამცირებს
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) განვითარებადი აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გლობალური პროგნოზის გაუარესების ფონზე შეამცირა.
რეგიონის ეკონომიკა წელს 4.2%-ით გაიზრდება, ხოლო მომავალ წელს - 4.6%-ით,- ნათქვამია ADB-ის 2022 წლის პუბლიკაციის - „აზიის განვითარების პროგნოზი“ დღეს გამოქვეყნებულ რეგულარულ დამატებაში. სექტემბრის შეფასებით, 2022 წელს აზიის განვითარების ბანკი ეკონომიკის ზრდას 4.3%-ით, ხოლო 2023 წელს - 4.9%-ით ვარაუდობდა.
ცენტრალური ბანკების მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება როგორც მსოფლიოს, ასევე რეგიონის მასშტაბით, რუსეთის გახანგრძლივებული საომარი მოქმედებები უკრაინაში და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (ჩინეთი) პერიოდულად გამოცხადებული კარანტინები აფერხებს განვითარებადი აზიის აღდგენას კოვიდ-19-ის პანდემიის შემდგომ. უძრავი ქონების ბაზრის სირთულეებთან ერთად, „ნულოვანი კოვიდის“ მიდგომით გამოწვეულმა შეზღუდვებმა კიდევ ერთხელ შეამცირა ჩინეთის ზრდის პროგნოზი.
“აზია და წყნარი ოკეანის რეგიონი განაგრძობენ გაჯანსაღებას, მაგრამ გლობალური პირობების გაუარესება იმას ნიშნავს, რომ ახალი წლის მოახლოებასთან ერთად რეგიონის ინერცია იკლებს,” განაცხადა ADB-ის მთავარმა ეკონომისტმა ალბერტ პარკმა.
აზიის განვითარების ბანკმა განვითარებადი აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის მიმდინარე წლის ინფლაციის პროგნოზი 4.5%-დან 4.4%-მდე შეამცირა. თუმცა ბანკმა 4.0%-დან 4.2%-მდე გაზარდა ვარაუდი მომავალი წლისათვის, ენერგეტიკით და სურსათით გამოწვეული ინფლაციური რისკების გაჭიანურების გამო.
ჩინეთის ეკონომიკური ზრდა წელს 3.0%-ით არის პროგნოზირებული ადრე ნავარაუდებ 3.3%-თან შედარებით. მომავალი წლის პროგნოზი 4.5%-დან 4.3%-მდე შემცირდა ეკონომიკური ზრდის შემცირების გამო მსოფლიოს მასშტაბით. მშპ-ის ზრდასთან დაკავშირებული ვარაუდები შენარჩუნდა ინდოეთისათვის 7.0%-ზე მიმდინარე ფისკალური წლისთვის და 7.2%-ზე მომდევნო ფისკალური წლისთვის.
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ პროგნოზების შემცირების მიუხედავად, განვითარებადი აზიის რეგიონი მაინც უკეთეს მდგომარეობაში იქნება მსოფლიოს სხვა რეგიონებთან შედარებით, როგორც ზრდის, ასევე ინფლაციის თვალსაზრისით. აზიის განვითარების ბანკმა სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის მიმდინარე წლის ზრდის პროგნოზი 5.1%-დან 5.5%-მდე გაზარდა, მალაიზიაში, ფილიპინებში, ტაილანდსა და ვიეტნამში მაღალი მოხმარებისა და ტურიზმის აღდგენის ფონზე. თუმცა, მომავალი წლისთვის ვარაუდები 5.0%-დან 4.7%-მდე შემცირდა გლობალური მოთხოვნის შემცირების გამო. ზრდის პროგნოზი კავკასიისა და ცენტრალური აზიისთვის მიმდინარე წელს 3.9%-დან 4.8%-მდე გაიზარდა, ხოლო წყნარი ოკეანისთვის - 4.7%-დან 5.3%-მდე, ფიჯის რესპუბლიკაში ტურიზმის მყარი აღდგენის გამო.
აზიის განვითარების პროგნოზი ყოველი წლის აპრილში ქვეყნდება, განახლება ხდება სექტემბერში, ხოლო მოკლე დამატებები, როგორც წესი, ივლისსა და დეკემბერში გამოდის. განვითარებადი აზია გულისხმობს ბანკის 46 განვითარებად წევრს.
ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.