"ადამიანები ტექინსპექტირებას ჯერ კიდევ სადამსჯელო ღონისძიებად აღიქვამენ" - მესხიშვილი
„ადამიანები ტექინსპექტირებას ჯერ კიდევ სადამსჯელო ღონისძიებად აღიქვამენ, რეალურად კი მთავარი მიზანია დადგინდეს ხარვეზები, რომელიც შეიძლება სამომავლოდ ტრაგიკული შემთხვევების მიზეზი გახდეს,“ - ამის შესახებ საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელმა, დავით მესხიშვილმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო ამ სტატისტიკას არ აწარმოებს, თუმცა, არის გაეროს ეკონომიკური კომისიის კვლევა, სადაც ნაჩვენებია, რომ საქართველოსა და საშუალო შემოსავლიან სახელმწიფოებში საგზაო შემთხვევების დაახლოებით 25-30% ტექნიკური გაუმართაობის გამო ხდება.
„საქართველოს სტატისტიკაზე რომ გადმოვიყვანოთ, ეს ნიშნავს იმას, რომ 150 ადამიანი ყოველწლიურად, გზებზე ავტომობილის გაუმართაობის გამო იღუპება,“ - აცხადებს დავით მესხიშვილი
მისივე თქმით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ტექინსპექტირებაა.
„ადამიანები ფაქტობრივად არ მიმართავენ ტექინსპექტირების ცენტრებს. ასევე პრობლემაა ინსპექტირების ცენტრების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, რის გამოც ადამიანები ინსპექტირების ცენტრით ვერ სარგებლობენ,“ - აცხადებს მესხიშვილი.
როგორც საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი აცხადებს, ტექდათვალიერების ადმინისტრირებაში, რომ პრობლემაა ამას ყველა შესაბამისი სტრუქტურა აღიარებს.
მისი მტკიცებით, ევროდირექტივის მიხედვით, კომერციულ ტრანსპორტსა და სატვირთო ტრანსპორტზე დასანერგია გზისპირა ინსპექტირებაც.
მესხიშვილი კანონის კიდევ უფრო გამკაცრებაზეც საუბრობს.
„გამონაბოლქვი ერთ-ერთი მთავარი და წამყვანი პრობლემაა. თავდაპირველად, როდესაც რეფორმა დაიწყო, კანონი მთელი სიმკაცრით არ შევიდა ძალაში გამონაბოლქვთან დაკავშირებით, ნორმების გამკაცრება მავნე ნივთიერებებზე. ახლა დადგა ეტაპი, რომ კანონი ეტაპობრივად გამკაცრდეს,“ - ამბობს დავით მესხიშვილი
ასოციაციის ხელმძღვანელი იმ დაავადებების არსებულ სტატისტიკებზეც საუბრობს, რომელიც გამოქვეყნებულია და რომელიც შეიძლება დაბინძურებული ჰაერის გამო იყოს გამოწვეული. მისივე ინფორმაციით, ტექინსპექტირებაზე მიმართვიანობა 2019 წელთან მიმართებაში დაბალია, იმისდა მიუხედავად, რომ ქვეყაანში ავტომობილების რაოდენობა 200 000 ერთეულითაა გაზრდილი.
შეგახსენებთ, ავტომობილების მფლობელებს 2023 წლის პირველი იანვრიდან ტექდათვალიერების გავლა CO-ზე გამკაცრებული ნორმებით უწევთ.
ცვლილებები გულისხმობს გამონაბოლქვში CO-ს დასაშვები დოზის განსაზღვრას. კანონში ცვლილებები წლის განმავლობაში კიდევ რამდენჯერმე შევა.