"2022 წელი გამორჩეული იყო საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტებით"
"2022 წელს 79 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობდა, საიდანაც დღეის მდგომარეობით, 57 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულებულია, წელს კიდევ 10 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულდება, ხოლო დარჩენილის ეტაპობრივად დასრულება 2024-2025 წლებშია დაგეგმილი,"- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში სამინისტროს 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
ამასთან, მან აღნიშნა რომ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ხორციელდება მნიშვნელოვანი პროგრამა, რომლის შედეგადაც, კიდევ 54 ახალი სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციაა დაგეგმილი. აქედან, ხელშეკრულება გაფორმებულია და სამუშაოები 11 სკოლაშია დაწყებული, გრძელდება სატენდერო პროცედურები.
რაც შეეხება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს, გასულ წელს მიმდინარეობდა 30 საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები, საიდანაც 13 ბაღის მშენებლობა უკვე დასრულდა. დარჩენილი ბაღების მშენებლობა 2024 წელს დასრულდება.
ამასთან, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2023 წელს საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის ახალი პროგრამა დაიწყო, რომლის პირველი ეტაპით გათვალისწინებული ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის, 184 ბაღზე ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, ხოლო დანარჩენ ბაღებთან მიმართებაში, მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები.
მინისტრის განცხადებით, 2022 წელი გამორჩეული იყო, ასევე სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის მნიშვნელოვანი პროექტებით, საიდანაც ქუთაისის ოლიმპიური აუზი უკვე დასრულდა და ფუნქციონირებს, დასრულების ეტაპზეა რუსთავის სპორტული კომპლექსისა და მარნეულის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა. ასევე, მიუხედავად გამოწვევებისა, გრძელდება სამუშაოები ახალციხის და ზუგდიდის სპორტული კომპლექსების მშენებლობისთვის, მაღალი ტემპით მიმდინარეობს ბოლნისის, არხილოსკალოს და წნორის სპორტკომპლექსტების მშენებლობა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ასევე, მნიშვნელობანი იყო 2022 წელს დაწყებული 11 სტადიონის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი, რომლის წარმატებით განხორციელებამ შესაძლებლობა მოგვცა 2023 ღირსეული მასპინძლობა გაგვეწია საქართველოში უეფას 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატისთვის.
"მნიშვნელოვანია, რომ თბილისში ყინულის სასახლისა და ბაკურიანში ბეატლონისა და სათხილამურო-ქროსქანთრის ინფრასტრუქტურის მშენებლობას ვიწყებთ, რომელიც 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადას უმასპინძლებს.
ამასთანავე, ზუგდიდის საფეხბურთო სტადიონთან მიმართებაში არსებობს გამოწვევები. მომზადდა მისი ადაპტაციის პროექტი, მაგრამ ამავდროულად, არსებობს გარკვეული კონსტრუქციული ხასიათის გამოწვევები. ექსპერტიზის შედეგად, გვექნება სრული სურათი, რათა გავითვალისწინოთ ყველა საჭირო სამუშაო და სტადიონის მოთხოვნებთან შესაბამისი ადაპტაციის პროექტი 2024 წელს დავასრულოთ ,’’-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.