2020 წელს ტექდათვალიერება 450 000-მდე ავტომობილმა გაიარა
„ავტოტესტის“ დირექტორის, ვაჟა იორდანიშვილის ინფორმაციით, 2020 წელს ტექდათვალიერება 450 000-მდე ავტომობილმა გაიარა, რაც შარშანდელი მაჩვენებლების ნახევარია.
მისი განმარტებით, ქვეყანაში 1.2 მლნ-ზე მეტი რეგისტრირებული ავტომობილია. წლის დასასრულისთვის კი სავალდებულო ტექნიკური შემოწმება ავტოპარკის მხოლოდ მესამედმა გაიარა.
„ცენტრებში მომართვიანობა მკვეთრად შემცირებულია. არც შარშან იყო იდეალური მაჩვენებლები, თუმცა, წელს ეს რიცხვები რაზეც ვსაუბრობთ კრიტიკულად დაბალია. პანდემიის გარდა, მომართვიანობის კლებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს აღსრულების პრობლემა.შეიძლება ითქვას,რომ ფაქტობრივად ამაზეა დამოკიდებული ტექინსპექტირების ბიზნესი“-განმარტა ვაჟა იორდანიშვილმა.
მისივე განცხადებით, ბიზნესი რთული ვითარებიდან გამოსავალს მხოლოდ რეგულაციის სწორად აღსრულებაში ხედავს. რეფორმის დასაწყისში, როდესაც ქვეყანაში სულ ოთხი ტექინსპექტირების ცენტრი იყო, ჩვენ გვქონდა სახელმწიფოსგან ინფორმაცია, რომ დაახლოებით 1.3 მლნ ავტომობილს პერიოდული ტექინსპექტირების გავლა სჭირდებოდა. ბიზნესმაც შესაბამისი გათვლები გააკეთა,თუმცა, ახლა ამას არანაირი საფუძველი აღარ აქვს. რთულია ასეთ პირობებში რაიმე დაგეგმო.
დღეს ეს ბიზნესი, რომელსაც მუშაობა მხოლოდ ორი თვით ქონდა შეჩერებული, გადარჩენისთვის იბრძვის. საქმე მარტივად არ არის, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ პერსონალი, გამზომი ხელსაწყოები, რომლებიც თავისთავად უმაღლესი ტექნოლოგიისაა, მას სჭირდება შესაბამისი მოვლა პატრონობა.“-აღნიშნავს „ავტოტესტის“ დირექტორი.