ეკონომიკა
20/07/2020

1 კვ.მ-ში თვეში 5 ლარი - ინფექციურ საავადმყოფოს "ავერსის“ ₾425 000-ის დავალიანება აქვს

„ავერსის“ გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე აცხადებს, რომ „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი“ ისევ უკანონოდ, სამართლებრივი საფუძვლის გარეშეა განთავსებული იმ ტერიტორიაზე, რომელიც წლებია „ავერსს“  ეკუთვნის.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ თანხმობა განვაცხადეთ წინა წლებში არსებული ხელშეკრულების იდენტური ხელშეკრულება გაგვეფორმებინა, ინფექციური საავადმყოფო არ თანხმდება. შესაბამისად, ისინი ფართში განთავსებული ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე არიან. რაც შეეხება სხვა ფართში მათ გადასვლას, გავაგზავნეთ წერილი და ისევ არ გვაქვს პასუხი და ინფორმაცია იმაზე თუ როდის დაცლიან ფართს, სად გადავლენ და როდის გადავლენ. სრულ გაურკვევლობაში ვართ, არ გვაქვს დოკუმენტი და გარანტია,“ - აცხადებს  ფურცელაძე.

რაც შეეხება პრემიერის და ჯანდაცვის მინისტრის დაპირებას, რომ ინფექციურ საავადმყოფოს სხვა, ახალ შენობას მისცემდნენ, არ არის შესრულებული. „ახალ ფართთან დაკავშირებით ჩვენც გვქონდა მოსმენილი გარკვეული ინფორმაცია, თუმცა, რა გადაწყევტილება იქნა მიღებული, არის თუ არა კონკრეტული ნაბიჯები ჩვენ ამ ინფორმაციას არავინ გავწვდის,“ - აცხადებს ფურცელაძე.

მისივე განმარტებით, „ავერსმა" ინფექციური საავადმყოფოს მენჯმენტს დღესაც მისწერა წერილი და მათგან რეაგირებას ელოდება.

„ჩვენ შემდეგი შეკითხვები დავუსვით: როდის აპირებენ 2019 წლის დავალიანების გადახდას და რატომ არ აფორმებენ ხელშეკრულებას. ჩვენ როგორც ქონების მესაკუთრეები მზად ვართ და თანხმობას ვაცხადებთ, რომ წლის ბოლომდე ხელშეკრულება გავუფორმოთ და კანონიერად ყოფნის საფუძველი შევქმნათ. ასევე რა ხდება ახალ ქონებასთან დაკავშირებით და როდის იგეგმება გადასვლა. ველოდებით პასუხს. იმედი გვაქვს, ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობაც იქნება, გაფორმდება ხელშეკრულება და დაიფარება წინა წლის დავალიანება. რაც შეეხება ფართის დაცლას, გონივრულ ვადებში და გონივრულ გადწყვეტილებებს მივიღებთ, ამაზეც შევთანხმდებით,“ - აცხადებს ფურცელაძე.

მისი თქმით, ინფექციური საავადმყოფოს დავალიანება, რომელიც 2019 წლის პერიოდს (12 თვესს) მოიცავს, 425 000 ლარს შეადგენს. საუბარია 7 000 კვ.მ-ის ფართზე. 1 კვადრატული მეტრზე იჯარის თანხა თვეში 5  ლარია (დღგ-ს ჩათვლით).

„სახელმწიფო იხდის ამას, თუმცა მათაც უნდა ჰქონდეთ გადახდის კანონიერების დამადასტურებელი მოწმობა, ამ შემთხვევაში ხელშეკრულება. არ მინდა წინასწარი ვარაუდები გამოვთქვა, მაგრამ, თუ 2020 წლამდე ხელშეკრულება არ გაფორმდება, სურვილის მიხედვით სახელმწიფოც კი ვერ გადაიხდის თანხას, მას იურიდიული მხარდაჭერა სჭირდება,“ - აცხადებს ფურცელაძე.  

შეგახსენებთ, შპს „ავერსი–ფარმამ“ ტერიტორია, სადაც დღეს თბილისის ორი დიდი კლინიკა: სააქციო საზოგადოება „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი“ და შპს „ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრები“ ფუნქციონირებს, 2009 წლის 25 დეკემბერს, აუქციონზე, 12,25 მლნ დოლარად შეიძინა. მაშინ „ავერსი–ფარმამ“ 58 175 კვადრადული მეტრი მიწის ნაკვეთი და 18 შენობა-ნაგებობა (მათ შორის, ინფექციურის, შიდსის და სეფსისი ცენტრის შენობები) იყიდა. თვითონ კლინიკები, როგორც იურიდიული პირები, მას არ შეუძენია და ისინი ჯერ კიდევ სახელმწიფოს მფლობელობაში რჩება.

კლინიკების პროფილის დროებით შენარჩუნების მიზნით, „ავერსს“ დაევალა, რომ ორი წელი კლინიკებს პროფილურ მუშაობაში ხელს არ შეუშლიდა. სამი წლის გასვლის შემდეგ, „ავერსმა“ კლინიკის დირექტორებს არაერთი ოფიციალური წერილი გაუგზავნა და საკუთარი ტერიტორიების დაცლა სთხოვა. ალტერნატიული ფართის უქონლობის გამო, კლიკინებმა სხვაგან გადასვლა ამ დრომდე ვერ მოახერხეს.