1 ივნისიდან ავტომობილების გამონაბოლქვს გზებზე შეამოწმებენ, დარღვევაზე კი მკაცრი ჯარიმები წესდება
პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში დღეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანპონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ. კანონპროექტის მიზანია გამონაბოლქვის დასაშვებ ნორმაზე გადაჭარბებაზე კონტროლის გამკაცრება უშუალოდ გზებზე შემოწმების გზით და ასევე მკაცრი ჯარიმების დაწესება აღნიშნულ დარღვევაზე.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, პრაქტიკამ აჩვენა, რომ სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება სრულად ვერ აგვარებს გამონაბოლქვის პრობლემას, რადგან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებიდან შემდგომ ინსპექტირებამდე გამონაბოლქვში შესაძლებელია დამაბინძურებელი ნივთიერებების შემცველობამ გადააჭარბოს დადგენილი ნორმები.
ამასთან, პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებებს შორის არ არსებობს ავტომობილების გამონაბოლქვის კონტროლის მოქნილი და ეფექტური რეგულაცია და მკაცრი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
ცვლილების შესაბამისად, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემადგენლობა არ შეესაბამება დადგენილ ნორმას, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი პირველი დაჯარიმებიდან 30 დღის შემდეგ, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება პირველი სახდელის დადებიდან 60 დღის შემდეგ, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით.
იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში ჯარიმა განისაზღვრება 500 ლარით, ხოლო განმეორების შემთხვევაში 1500 ლარით.
თუ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არ ეთანხმება გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის გაზომვის შედეგებს, უფლებამოსილია სატრანსპორტო საშუალება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლის თანდასწრებით, დაუყოვნებლივ გადაიყვანოს ინსპექტირების ცენტრში, სადაც ავტომობილს ჩაუტარდება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება. ასეთ შემთხვევაში, მძღოლს ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრება ინსპექტირების შედეგის (გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა რაოდენობის) მიხედვით. სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების ცენტრში გადაყვანისა და პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ხარჯებს სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ანაზღაურებს.
რაც შეეხება შემოწმების ტექნიკურ მხარეს, გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა კონტროლს განახორციელებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. პირველი ეტაპისთვის, დაგეგმილია 10 ეკიპაჟის შექმნა, რომელიც აღჭურვილი იქნება სათანადო გამზომი აპარატურით და შესაბამისი მოწყობილობებით, გზებზე გამონაბოლქვის კონტროლის განსახორციელებლად. პირველ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით შერჩეული იქნება რამდენიმე დასახლება (მაგალითად: თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ა.შ.), რომლებშიც სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლის მეტი საჭიროება არსებობს და 10 ეკიპაჟი განაწილდება ამ დასახლებებში.
აღნიშნული რეგულაციები მიმდინარე წლის 1 ივნისიდან უნდა ამოქმედდეს. რაც შეეხება საკითხის ფინანსურ მხარეს, პროექტის თანახმად, ტრანსპორტის გამონაბოლქვის გამზომი მოწყობილობის შეძენის ხარჯი 450 ათას ლარს შეადგენს და ის ბიუჯეტიდან დაიფარება. ამას ემატება ავტომობილების ხარჯი - წლიურად 220 ათასი ლარი, სხვადასხვა პროგრამული და ტექნიკური უზრუნველყოფის ხარჯები, რაც 100 ათას ლარს აჭარბებს, საინფორმაციო კამპანიისთვის აუცილებელი მასალის ხარჯი კი 20 ათას ლარს შეადგენს. ჯამში საუბარია 800 000 ლარზე, მომდევნო წლებში კი წლიური ხარჯი 280 ათასი ლარითაა განსაზღვრული.