ბლოგი
07/11/2022

თანამედროვე უსაფრთხოების დილემა: ქართული მრავალწახნაგა (მეორე ნაწილი)

რთულიდან კიდევ უფრო რთულზე

სტატიის პირველი ნაწილი თანამედროვე უსაფრთხოების დილემის ჭრილში ქართული ქეისის სპეციფიკას ეძღვნებოდა, განვიხილეთ მიმდინარე ტენდენციებისა და გადაწყვეტის შესაძლო ფორმები. თუმცა, ისე როგორც პრაქტიკულად ნებისმიერი სხვა არასწორხაზოვანი სადისკუსიო თემის შემთხვევაში, ერთია მსჯელობა ზოგადი შინაარსის საკითხებზე მსჯელობა, ხოლო მეორე (და თავისებურად რთულიც) - სპეციალური, ე.წ. „საშემსრულებლო“ ნიუანსების გამოკვეთა, მათი დაწვრილებით აღწერა და შეფასება.

ცხადზე ცხადია, რომ ამ (უ)წესრიგო მსოფლიოს პირობებში, უსაფრთხოების ქართული მრავალწახნაგას პრობლემატიკა აღნიშნული კატეგორიის თავსატეხის კარგი ნიმუშია. ამ შემთხვევაშიც, ცალკე რიგის გამოწვევაა შევთანხმდეთ, „თუ რა გვინდა“, ხოლო დამატებითი ამოცანაა გავიაზროთ, თუ როგორ, რა გზებითა და საშუალებებით მივაღწევთ იმას, რასაც ამოცანად ვისახავთ.

ხოლო რადგან ამ ნამუშევრის პირველ ნაწილში ქართული უსაფრთხოების დილემის ე.წ. ჩარჩო თემატიკის შესახებ - ზოგან დაშვებებით, ხოლო ზოგან მტკიცებებით - ვრცლად ვისაუბრეთ მკითხველთან, წარმოდგენილ ნაწილში დაინტერესებულ აუდიტორიასთან ერთად ქართული უსაფრთხოების (ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობით) ხელშეწყობა-განმტკიცების საოპერაციო მეთოდებსა თუ პრაქტიკულ მიდგომებს განვავრცობთ. 

მეტი უსაფრთხოება ეკონომიკურ-სოციალური ბერკეტით

არაერთგზის გვითქვამს, რომ „უსაფრთხოება“, ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით, თავდაცვის სისტემასა და შეიარაღებულ ძალებზე გაცილებით მეტია. გლობალურ ურთიერთობათა სისტემაში, - სამხედრო-უსაფრთხოების სხვადასხვა ფორმალურ თუ სიტუაციურ კავშირებსა და კონფიგურაციებთან ერთად - უსაფრთხოების დიდი ერთიანი ცნება, უპირველესად ქვეყნის შიგნით, მის საზოგადოებრივ ურთიერთობათა სისტემის სიმრთელეს და სიჯანსაღეს უკავშირდება.

ასეთი სიმრთელისა და სიჯანსაღის ერთ-ერთ განმაპირობებელ საკვანძო კომპონენტად ეროვნული ეკონომიკურ-სოციალური პოლიტიკა გვესახება: გასაგებად მარტივი, თანაბარი შესაძლებლობებისათვის კონკურენტული, საქმით და არა სიტყვით თანამონაწილეობასა და ინკლუზიურობაზე დაფუძნებული. ხოლო, მცირე ქვეყნის პირობებში - გარე და შიდა გამოწვევების გათვალისწინებით - ეროვნულ-საზოგადოებრივი მედეგობისათვის ეკონომიკურ-სოციალური ხასიათის კიდევ ერთი დამხმარე საშუალების – სოციალური კეთილდღეობის (welfare state) მოდელის პრაქტიკაში უფრო მეტად დანერგვა გვესახება.

სოციალური კეთილდღეობის მოდელის შესახებ ქართულ მედიაში პერიოდულად საუბრობენ ხოლმე. ამ მიზნით, ჩვენი ავტორობით ასევე რამდენიმე პუბლიკაცია გამოქვეყნდა. კომპაქტურად და ჩვენეული გაგებით თუ ვიტყვით, ეს მოდელი სოციალური სამართლიანობის, თანაბარი ეკონომიკური შესაძლებლობებისა და მოქალაქის წინაშე არსებული გამოწვევების გადასალახად სახელმწიფოს მეტ თანამონაწილეობაზეა აღმოცენებული.

ამასთანავე, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვის მოქალაქეთა სოციალურ საჭიროებებზე გონივრული და გააზრებული მიმართვის გარდა, არანაკლები სოციალური თანამონაწილეობის ვალდებულება ეკისრება ქვეყნის კორპორაციულ სეგმენტს. მხოლოდ ჭარბ მოგებაზე ორიენტირებული ბიზნესმოდელიდან, - ე.წ. „ველური კაპიტალიზმიდან“ - შედარებით უფრო პასუხისმგებლობიან მოდელზე დაბრუნება ქართულ კომპანიებს არა მარტო მორალური ავტორიტეტის ზრდაში დაეხმარება, არამედ გაუხსნის ასპარეზს ქვეყნის გლობალური კონკურენტუნარიანობისა და ადაპტირებადობის ეროვნულ საქმეში.

ამგვარ გადაწყობას მრავალი ხანგრძლივად დადებითი ეფექტი ექნება: მოქალაქეები ქვეყანას უფრო მეტად შეიცნობენ როგორც რეალურად თავიანთს, სახელმწიფო აპარატი და საქმიანი წრეები საგრძნობლად შეამცირებენ საზოგადოებაში მათდამი შესაძლო გაუცხოებას. გარდა ამისა, ეკონომიკურ საქმიანობასა და საზოგადოებრივ სფეროში რეალური მერიტოკრატიის აღდგენა ძირს მოუშლის სოციალური სტაბილურობის მთავარ საფრთხეს - ჭარბ უთანაბრობას როგორც შემოსავლების, ისე განვითარების შესაძლებლობაზე წვდომის მხრივ. ამავე პროცესის თანმდევი შედეგი იქნება საჯარო პოლიტიკის ყბადაღებული პოლარიზაციის დასაშვებად აუცილებელ ზღვრამდე დაყვანა და პოლიტიკურ ყოველდღიურობაში ძალაუფლებისათვის ჭიდილიდან განვითარების იდეათა ჭიდილში გადაყვანა.

ეს ყოველივე ქვეყნის შიგნით საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესში სახიფათო ნაპრალების ამოქოლვას, მოწყვლადობის მინიმიზებას, საფრთხის შემცველი რისკების ეკონომიკურ-სოციალური ბერკეტით დაბალანსებას, საბოლოოდ კი -  ქართული უსაფრთხოების განმტკიცებას მოემსახურება.

მეტი უსაფრთხოება უკეთესი რეგიონალური კავშირებით

ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსი და მასთან დაკავშირებული უსაფრთხოების „ფარი“ კვლავ საქართველოს მაგისტრალური კურსია. ამავდროულად, ჩვენს რთულ გეოგრაფიულ მდებარეობასა და არაპროგნოზირებად სამეზობლო გარემოს ვერავინ შეცვლის. ჩვენი ქვეყნის (თავის დროზე ოქსფორდში გამართულ შეკრებაზე „გეოგრაფიულ ტუსაღად“ წოდებულის) ასეთ რეალობას კი თვალი უნდა გავუსწოროთ და არა მხოლოდ: ეს რეალობა, რომელიც ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოების პრიორიტეტად უნდა დავისახოთ, მასთან საჩვენოდ ადაპტირებას, მორგებას, ერთი სიტყვით - მუდმივ მუშაობს მოითხოვს.

რეგიონზე საუბრისას, ცხადია, ვერ გვექნება პოლიტიკური სისტემების დაახლოების ან საგარეო მიზნების ჰარმონიზების მოლოდინი; ასევე არარეალისტურია ისეთი რეგიონალური იდილიისაკენ სწრაფვა, რომელიც რეგიონალურ მშვიდობას და სტაბილურობას შეუვალ მოცემულობად აქცევს. ამგვარი „თავისთავად“ ნაბოძები სიკეთე წარმოუდგენელია ამჟამინდელ სამყაროში და, მით უფრო, რთულად შესაძლებელია იმ რეგიონში, რომელსაც შავი და კასპიის ზღვების დიდი რეგიონი ჰქვია.

ნებისმიერ შემთხვევაში, ქართული უსაფრთხოების დილემის მართვა საგანგებოდ მოითხოვს პრაქტიკული საჭიროებების, და არა უსარგებლო იდეოლოგიზებული კლიშეების გარშემო, უფრო მჭიდრო კონტაქტს რეალობასთან; ისევე როგორც, ოფიცილაური თბილისის საგნობრივ კომუნიცირებას უკვე გეოპოლიტიკურად შერაცხილ იმ სამეზობლოსა თუ რეგიონალურ აქტორებთან, რომლებთანაც ჩვენ „რისკისა“ და „საფრთხის“ მხრივ მსგავსი გაგება გვაქვს. რატომ უწინარესად „რისკი“ და „საფრთხეები“? იმიტომ, რომ თუკი სამყაროს ვარდისფერი სათვალით აღქმას საბოლოოდ მოვეშვებით, ქვეყნების სიტუაციურ თუ სტრუქტურირებულ ერთობას ყველა მეტად და უკეთ საზიარო საფრთხე განაპირობებს და არა პათოსით დეკლარირებული მჭექარე განცხადებები. ქართული უსაფრთხოების სამეზობლო-რეგიონალური განზომილებაც, მაქსიმუმ, ქართული გაგებით საფრთხის სხვების მიერ გაზიარებით ან, როგორც მინიმუმ - ქართული და სხვათა „საფრთხეების“ კვეთის წერტილების სწორად იდენტიფიცირებით  უნდა გამოიხატოს.

უსაფრთხოების რეგიონალურ კონტექსტში ქართულ დილემაზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღინიშნოს ჩვენი ქვეყნის ფუნქციონალურ საჭიროებასა და „სარგებლიანობაზე“ მუდმივი ზრუნვა. ეს მხოლოდ მსხვილი, მასშტაბური, სისტემურ ხედვაზე დაფუძნებული პროექტების განხორციელებით მოხდება. შესატყვისი ისტორიული მეხსიერება და გამოცდილება საქართველოს უკვე აქვს მიღებული გასული და ამჟამინდელი საუკუნეების მიჯნაზე. ახლა აუცილებელია ამ მეხსიერების გაცოცხლება ახალი ტრანსსასაზღვრო და რეგიონალური პროექტების ამოქმედებით. უდავოა, რომ ზემოხსენებული „საფრთხის“ ერთგვაროვან გაგებასთან ერთად, საქართველოს მეტი ინტეგრირება რეგიონის ურთიერთდაკავშირებულობისა და ურთიერთდამოკიდებულების (interconnectedeness and interdependency) სისტემაში იქცევა დამატებით პრაქტიკულ საშუალებად ქართული უსაფრთხოების სისტემის სამართავად. დღევანდელ მსოფლიოში მცდელობა იმისა, რომ ვინმეს თავი „მოაწონო“ ან „დაუმეგობრდე“  კეთილშობილური და ამაღელვებელი, მაგრამ არასაკმარისი და ილუზორულია. როგორც ქვეყანა, აუცილებელია, რომ სხვას სჭირდებოდე და ამ საჭიროებიდან გამომდინარე, რომანტიკულობისაგან დაცლილ თანამედროვე გარემოში, პრაგმატულად იმოქმედო  შენი ეროვნული უსაფრთხოების  უკეთ სამართავად. 

დიპლომატია უპირველეს ყოვლისა

ერთ-ერთი იმ რამდენიმე საშუალებიდან, რომელთა დათმობაც ქვეყნისათვის საბედისწერო (გეო)პოლიტიკური შედეგის დადგომას გაუთანაბრდება, არის სიტყვის წონისა და ხერხების ქმედითობა საკუთრივ დიპლომატიაში, რომლის: (ა) მრავალშრიანი, ღია თუ ფარული პოტენციალი სრულად უნდა ავითვისოთ, (ბ) ფლობის ხელოვნება მაქსიმალურ სიმაღლემდე უნდა ავიყვანოთ, ხოლო (გ) გამოყენება ბოლო „თავდაცვით ზღუდედ“ აღვიქვათ.

სწორედ დასახელებული მახასიათებლების ერთობას დავუკავშირებთ ქართული დიპლომატიის, როგორც უსაფრთხოების დილემის სამართავად ერთ-ერთი საკვანძო სისტემის, შემდეგ აუცილებელ თვისებებს:

კრიზისის დიპლომატია – კრიზისის მართვა მაქსიმალურად ადრეულ ეტაპზე მისი აცილების ან შემცირების მიზნით, ქართული დიპლომატიის ერთ-ერთ გამორჩეულ უპირატესობად უნდა იქცეს. თანამედროვე საფრთხეების გათვალისწინებით, ასეთი დიპლომატია, ფაქტობრივად, თავისებური ხელოვნებაა და პროცესების იმგვარ მართვას მოიაზრებს, როდესაც პოლიტიკურ-მორალურ-ფსიქოლოგიური სიმტკიცის, ზოგჯერ კი პრაგმატული შეუპოვრობის ზღვარზე, შესაძლებელი ხდება საკუთარი ინტერესების ადვოკატირების ყველა სხვა საშუალების (სამხედრო, სასანქციო, ა. შ.) დიპლომატიური ხერხითა და მანევრით ჩანაცვლება. ხოლო ამგვარი ჩანაცვლების შედეგიანობის უტყუარ საზომად გამოდგება პრობლემის მართვადობის რეჟიმში მოქცევა, დაძაბულობის ხარისხის შემცირება, ლატენტური თუ ღიად მიმდინარე კონფლიქტის კონტროლიდან გასვლის თავიდან არიდება.

კრიზისის დიპლომატიის პრიორიტეტი და საჭირო სახელმწიფო რესურსის საამისოდ მიმართვა უნდა ემყარებოდეს როგორც საყოველთაოდ აღიარებულ, ასევე რამდენიმე ქართული წარმომავლობის პოსტულატსაც: (ა) სამხედრო კონფლიქტისა და საომარი მოქმედების არიდების ამოცანა არის ის საერთო-ეროვნული კონსენსუსი, რომელზეც ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესის ყველა მონაწილე ვთანხმდებით; (ბ) თანამედროვე ომში ცალსახა გამარჯვებული არ არსებობს; (გ) სამხედრო კონფლიქტში ან საომარ მოქმედებაში ქვეყნის ჩაბმა მისი გეოპოლიტიკურ ასპარეზზე წარუმატებლობის ტოლფასია. ცხადია, რომ ამ პოსტულატებს თავისი სრულიად ბუნებრივი საგამონაკლისო წესები აქვს და ესენია: (ა) ჩვენი ქვეყნის მიმართ ღია და დაუფარავი აგრესია, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა და (ბ) მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება.

ბალანსირების დიპლომატია – ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საკამათო და სარეალიზაციოდ მეტად რთული მიდგომა – ღონისძიებათა დაბალანსებულად დაგეგმვის სპეციფიკისა და კომპლექსურობის გათვალისწინებაა. ეს ისეთი პოლიტიკაა, რომელშიც კომპეტენცია, გამბედაობა და იღბალი თანაბრად გჭირდება.

საგანგებოდ გასაბათილებელია მოსაზრება, თითქოსდა ბალანსირება უდრის უპრინციპობას, უსისტემობასა და გაცნობიერებულ დათმობას. რეალურად საქმე სულ სხვაგვარად არის და უსაფრთხოების დილემის მართვის ამგვარი მიდგომის პრაქტიკას დღეს უკვე არაერთი ქვეყანა გვთავაზობს: მათ შორის ისეთი ქვეყნები, რომლებიც რეალური საფრთხის წყაროსაგან გეოგრაფიულად დაშორებული არიან და სხვებთან შედარებით ბევრად ხელშესახები უსაფრთხოების გარანტიებით სარგებლობენ.

ქართული გადმოსახედიდან კი პრაგმატული ბალანსირების პოლიტიკური აქტი ისეთი აუცილებელი მდგენელების ერთობად წარმოგვიდგენია, როგორებიც არის: (1) საკუთარი ეროვნული ინტერესებისა და სახელმწიფოებრივი განვითარების ხელშესაწყობად,- (2) რეგიონსა და მის მიღმა არსებული და პოტენციური რისკებისა და საფრთხეების,- (3) არაანგაჟირებული, რაციონალური და დეიდეოლოგიზებული შეფასების საფუძველზე,- (4) მიზანმიმართული (ხშირად არაპოპულარული), კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღება,- (5) ქვეყნის შიგნით, ხოლო იდეალურ შემთხვევაში, აგრეთვე, მისი საზღვრების პერიმეტრზე სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად.

ქართული სახელმწიფო-საგარეო პოლიტიკაში გააზრებული ბალანსირების აუცილებელ ინსტრუმენტად დამკვიდრებას, - ისტორიულ პარალელებს რომ შევეშვათ - გაასმაგებული პრაქტიკული ღირებულება აქვს არსებულ ვითარებაში, როდესაც: (1) საერთაშორისო ურთიერთობაში ერთ დროს კარგად შეფუთულ-შენიღბული „იდეალიზმი“ დაუფარავ „ეგოიზმში“ და „აღებ-მიცემაში“, ზედმეტი სენტიმენტებისა და შესავალი რევერანსების გარეშე  გადადის; (2) დიდი გლობალური პოლიტიკის წესებს დიდი მოთამაშეები ერთმანეთთან ჭიდილში ქმნიან, მცირე მოთამაშეები კი ჭიდილის შედეგებს ელიან ან აკვირდებიან, რომ საჭირო დროს როგორმე (მოქნილად) მოერგონ; (3) საერთაშორისო ინსტიტუტებისა და სამართლის როლი ცივი ომის დასრულების მომდევნო პერიოდის განმავლობაში რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა.

თანამედროვე უსაფრთხოების კონტექსტში ადეკვატურ პოზიციონირებასა და ცვალებად გარემოებებთან სწორად მისადაგების მნიშვნელობაზე, ფაქტობრივად, იმავე ბალანსირებაზე, ტევადად მეტყველებს ერთ-ერთი ინდოელი დიპლომატის ფრაზა (უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე): „ნიუ–დელი ფიქრობს, რომ თავიდან აირიდოს ერთი სტრატეგიული პარტნიორისაგან დისტანცირება მეორე სტრატეგიული პარტნიორის ზეწოლის გამო. გამორიცხული არ არის, სადავო საკითხზე ამ ორმა შეთანხმებას მიაღწიოს. და თუ ასეც მოხდა, ასეთი შეთანხმების შემთხვევაში სად აღმოჩნდება ინდოეთი?“ (წყარო: გამოცემა „ფორინ პოლისი“)

ვაცნობიერებთ, რომ ეს ციტატა აბსოლუტურად განსხვავებული კონფიგურაციისა და მასშტაბის ქვეყანას ეხება. თუმცა ასევე უნდა გავაცნობიეროთ, თუ რაოდენ ღრმა შინაარსს გადმოსცემს მხოლოდ ეს ერთი ფრაზა, განსაკუთრებით, ურთულესი რეგიონის მცირე სახელმწიფოს პირობებში. საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების ხაზის გასატარებლად საქართველოს მდგომარეობაც ხომ მსგავსია: ერთი მხრივ, ვართ ჩვენთვის დიდი და რეგიონში გავლენიანი მეზობლის წინაშე, ხოლო, მეორე მხრივ - სათანადო ანგარიში უნდა გავუწიოთ დიდ და გავლენიან პარტნიორს. ამდენად, გადაუჭარბებლად დიდია პოლიტიკური საფასური (თუნდაც ჰიპოთეზური) იმ შეცდომისა, რომელსაც ცვალებადი მსოფლიოს პირობებში ჩვენს ნაჩქარევ, მოვლენათა ლოგიკას აცდენილ ნაბიჯს - ვითარების არასწორ „წაკითხვას“ შესაძლოა მოჰყვეს.

ემპათიის დიპლომატიაის, რაც საკუთარი ინტერესისა და მოლოდინის გარდა, სხვათა, თუნდაც საწინააღმდეგო, ინტერესისა და მოლოდინის უკეთ ჩაწვდომასა და დაპირისპირებულ ინტერესებს შორის საერთოს პოვნის მცდელობას უკავშირდება. ესეც, თავისთავად, ისევ და ისევ ქართული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესის შენარჩუნების უცილობელი პირობით, კონფლიქტისა და ესკალაციის თავიდან არიდების მიზნის სამსახურში.

სხვათა ინტერესის წაკითხვა და საკუთართან შესაძლო თანხვედრის პოვნის სურვილი და უნარი, ვფიქრობთ, რომ ქართული დიპლომატიის, და ზოგადად, პოლიტიკური კულტურის თანმდევ დამახასიათებელ ნიშან-თვისებად უნდა იქცეს. სხვა სიტყვებით, ამას კომპრომისის ხელოვნებასაც უწოდებენ. თუმცა, დღევანდელ გლობალურ-რეგიონალურ აურზაურში, იქ, სადაც ნებისმიერი იმპულსური ან გაუაზრებელი წინააღმდეგობა საპასუხო წინააღმდეგობას წარმოშობს, ემპათიის დიპლომატია გაცილებით მეტს ნიშნავს.

მეტიც, ჩვენი რეგიონის სპეციფიკა კიდევ უფრო განგვაწყობს, რომ მედლის როგორც საკუთარ, ისე მეორე მხარეს უკეთ აღვიქვამდეთ. ამის არ გათვალისწინება კი, - ისევ და ისევ ქართული უსაფრთხოების „წითელი ხაზების“ დაცვის უცილობელი პირობით - შიდა და საგარეო დისბალანსის ძლიერ მაპროვოცირებლად მოგვევლინება.  იოლი შესაძლებელია, ასეთ დროს პოტენციურ საფრთხეზე რეაგირებისათვის ერთი მხარის გაუაზრებელმა ძალისხმევამ იგივე საფრთხე მეორე მხრიდან  კიდევ უფრო გაამძაფროს. ამ თითქოსდა „არამიზანმიმართული ესკალაციის“ შედეგად, მივდივართ ისეთ ვითარებამდე, როდესაც იდენტიფიცირება, „თუ ვინ დაიწყო პირველმა“, პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. ასეთი ესკალაციის ფონზე კი ნებისმიერი შემდგომი „დიპლომატიური ძალისხმევა“ უკვე უსარგებლო ხდება.

ვფიქრობთ, ზედმეტია ხაზგასმით აღნიშვნა, რომ ამ სახის დიპლომატიას კიდევ უფრო დიდი პრაქტიკული დატვირთვა აქვს მცირე ქვეყნისათვის, რათა გლობალურ ძალებსა და რეგიონალურ დომინანტებს შორის საკუთარი ღირსეული ადგილი უზრუნველყოს. ამ ხაზის გასაგრძელებლად საგანგებოდ გვინდა აღვნიშნოთ, რომ: (1) პრობლემის მეორე მხრიდან დანახვისაკენ მოწოდება არ ნიშნავს უპირობო დათანხმებისაკენ მოწოდებას და რომ (2) უსაფრთხოების უკეთ მართვის მიზნით, ეს მიდგომა, უწინარესად, საკუთარი საჭიროებისა და მოლოდინის რეალისტურ გაზომვას ემსახურება; ამასთანავე, (3) მოწინააღმდეგის გადარწმუნება გაცილებით რთულია, თუკი მისი მოტივი არ გესმის; გარდა ამისა, (4) მცდარია სტერეოტიპი, თითქოსდა, პრობლემის გადასაჭრელად „მას“ მეტი არჩევანი აქვს ვიდრე „შენ“ და, შედეგად, „მას“ „შენზე“ მეტი ევალება.

ერთი სიტყვით, ჩვენ უნდა გვესმოდეს „მათი ენა“, რათა ჩვენი ინტერესი გარე სამყაროსთან ურთიერთობაში მაქსიმალური სარგებლით (ზოგან, თუ ამას ვითარება მოითხოვს, ეთიკის ზღვარზეც კი) გავატაროთ.  

მეტი საუბარი, მეტი განმარტება..

..ვინაიდან ასეთია ყველაზე მარტივი და საბაზისო საშუალება საკუთარი ამოცანების შესახებ ინფორმაციის სწორად მისატანად, პარტნიორების მეტი მხარდაჭერის მოსაპოვებლად, ხოლო მოწინააღმდეგეთა მხრიდან რისკების მაქსიმალურად გასანეიტრალებლად. სწორედ რომ აქტიური ახსნა-განმარტებითი სამუშაო, მეტი კომუნიკაცია და ინტენსიური დიალოგი არის საფრთხეების მართვის ერთ-ერთი აუცილებელი მიდგომა, განსაკუთრებით კი გამოწვევის პირისპირ მყოფი მცირე ქვეყნისათვის.

ამასთანავე, კრიტიკულია ყოველ ცალკეულ შემთხვევაში განვსაზღვროთ არა მხოლოდ ის, თუ ვინ ლაპარაკობს  ჩვენი სახელით, არამედ რას ამბობს, რამდენად სარწმუნოა ის, რასაც ჩვენი სახელით ამბობს, როგორია მოსაუბრის სიტყვის ძალა, დამაჯერებლობა და ავტორიტეტი.

დღევანდელ (უ)წესრიგო გარემოში ქართული პოლიტიკის, გნებავთ საშინაო, გნებავთ საგარეოსი, თანმდევ ნიშანწყლად უნდა იქცეს უწყვეტი დიალოგი საქართველოს კეთილმოსურნეებთან და ასეთი დიალოგის გახსნა-წარმართვის მცდელობა ქვეყნის მიმართ არაკეთილგანწყობილ სუბიექტებთან. საუბრის პროცესი რთული საქმეა. მხოლოდ მისი წარმოება აპრიორი არ ნიშნავს, რომ მეორე მხარე იოლად გაგვიგებს, მყისვე გაგვიგებს ან სრულად გაგვიგებს. მეტიც - ეფექტიანი საუბრის საწარმოებლად ჩვენთვის სავარაუდო დაშვებაა ისიც, რომ კონტრაგენტი ჩვენს რეალურ ჩანაფიქრსა თუ განზრახვაზე იმაზე უარესის მოლოდინშია, ვიდრე ჩვენ ეს წარმოგვიდგენია. ამგვარი დაშვება გაცილებით უფრო რეალისტურია და უკეთ დაგვეხმარება ასევე მაქსიმალურად რეალისტური შედეგის მისაღწევად. ასევე საჭიროა გავიაზროთ და დავეუფლოთ შედეგებზე ორიენტირებული კომუნიკაციის დამკვიდრებულ თუ „ზღვარზე“ არსებულ ყველა ფორმატს: იქნება ეს ღია თუ ფარული საკომუნიკაციო არხებით, ოფიციალური თუ არაოფიციალური წყაროების ამოქმედებით - თანამედროვე სამყარო, ამ მხრივ, ფართო არჩევანს გვთავაზობს. ერთიანი საკომუნიკაციო პროცესის თანმიმდევრობის უზრუნველსაყოფად და გამწევ ძალად კი პროაქტიული დიპლომატია+პრევენციული სპეციალური სამსახურები+რბილი ძალის მაპროეცირებელი კულტურის, ვთქვათ, ქართული „ტრიადა“ უნდა იქცეს.

რეალურად ქმედითი პოლიტიკის საწარმოებლად, ქართული მხარე კლიშეებიდან უნდა გავიდეს, სათავისოდ ახალი მიდგომების დასამკვიდრებლად თავი არ უნდა დაიმძიმოს სხვებთან „წინარე კონსულტაციებით“, პროცესის თავში უნდა მოექცეს. ასე ივარგებს ჩვენი უსაფრთხოებისათვის; ასე ივარგებს პარტნიორების უსაფრთხოებისათვის. ამგვარად შედარებით უკეთ შევძლებთ რეალისტური შესაძლებლობების საერთო-ეროვნული ხაზის რეალიზებას.

ნათქვამის მოკლე რეზიუმედ...

...ვიტყვით, რომ ახალი რეალობა ახლებურ მიდგომას საჭიროებს. ესეც კარგად ცნობილი და არახალია. წარმოდგენილი სტატიის ორივე ნაწილის დასკვნის სახით „შეკვრა“ უსაფრთხოების პრობლემატიკაზე ქართულ ხელწერაში მეთოდების გადახალისებას და თანამედროვე გამოწვევებზე შესატყვის მორგებას მოითხოვს.

ასეთ დროს აუცილებელია საღად შევაფასოთ საკუთარი შესაძლებლობების ბუნებრივი შეზღუდვები. ასევე, საჭიროა დავინახოთ ამ შესაძლებლობების ზრდის გზები - როგორც საკუთარი რესურსის უკეთ ამოქმედების, ისე სიტუაციური ან/და გრძელვადიანი პარტნიორების რესურსებთან ადეკვატური თანწყობით. ამგვარი კომბინირებული მიდგომა უსაფრთხოების დილემის სამართავად დაგვეხმარება, მინიმუმ, ქართული ბოლოდან.

ამ და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, დღეის მდგომარეობით საქართველოს მიერ უსაფრთხოების პოლიტიკურ ხაზში სჯობს ილუზორულ-ეფემერულ წარმოდგენებს შევეშვათ, ჩასაჭიდს მყარად ჩავეჭიდოთ და „რეალისტური შესაძლებლობების“ სისტემურ პოლიტიკას მივყვეთ ახლაც და განჭვრეტად მომავალშიც.     

იხილეთ პირველი ნაწილი 

ვიქტორ ყიფიანი

„ჯეოქეისის“ თავმჯდომარე

 

Businesspartner