განახლებადი ენერგია და 5G ინტერნეტი
მოდით ვილაპარაკოთ იმაზე, რაზეც ყველანი ვთანხმდებით ან ვამბობთ, რომ ამ საკითხზე არ გვაქვს საწინააღმდეგო აზრი.
ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი და ინკლუზიური განვითარებისათვის მნიშვნელოვანია უწყვეტი წვდომა ენერგიაზე ქვეყნის ნებისმიერ წერტილში.
ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილია ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და ეკოლოგიური უსაფრთხოება.
გენერაციის სიმძლავრეების გაზრდის საქმეში მზის და ქარის ელექტროსადგურებს შეუძლია თავისი წვლილის შეტანა.
გენერაციის ობიექტების მშენებლობასთან ერთად მნიშვნელოვანია განახლებად წყაროებზე დამყარებული გენერაციის ადგილობრივი წყაროების გაჩენა, რომელიც მოახდენს შინა მეურნეობების, ასევე წვრილი, მცირე და საშუალო ეკონომიკური აგენტების ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მთლიან ან ნაწილობრივ დაკმაყოფილებას.
მნიშვნელოვანია განახლებად წყაროებზე დამყარებული გენერაციის ადგილობრივი ობიექტების ჩართვა სისტემაში და მათი ნეტო აღრიცხვის საკითხის გადაწყვეტა, მნიშვნელოვანი იქნება ამ მხრივ არსებული შეზღუდვების მოხსნა, რაც კიდევ უფრო ეფექტურს გახდის მათ საქმიანობას.
გენერაციის ობიექტების ზრდასთან და განვითარებასთან ერთად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ენერგოეფექტურობის პოლიტიკის გატარებას.
ენერგეტიკული სისტემა უნდა ფუნქციონირებდეს საბაზრო პრინციპებზე დაყრდნობით, დეცენტრალიზებულად და საზღვრების გარეშე.
ჩვენ გვაქვს განვითარებულ ქვეყნებთან მნიშვნელოვანი ჩამორჩენა ელექტროენერგიის მოხმარებით მოსახლეობის ერთ სულზე და იმავდოროულად გვაქვს მნიშვნელოვნად მაღალი ინტენსივობა ელექტროენერგიის მოხმარების მთლიან სამამულო პროდუქტთან მიმართებაში. ეს ნიშნავს, რომ ერთი მხრივ განვითარებისათვის გვჭირდება მეტი ენერგია და მეორე მხრივ, იმისათვის რომ განვითარდეთ, უნდა ვიყოთ კონკურენტუნარიანი და ეფექტური. კონკურენტუნარიანობის და ეფექურობის თვალსაზრისით ენერგოეფექტურობა გადამწყვეტია.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ძნელია ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების საწინააღმდეგო მოსაზრების მოსმენა. თუ ვცდები მიმითითეთ.
განახლებადი წყაროების ჩართვის გაფართოება ენერგიის მისაღებად მნიშვნელოვნად (რამდენჯერმე) გაზრდის გენერაციის ობიექტების რაოდენობას.
უახლოეს წლებში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება ენერგიაზე დამოკიდებული საგნების არსებობა, ამას გვიჩვენებს პრაქტიკა - საგნების ინტერნეტი ჩვეულებრივი ამბავი გახდა.
ეს ყველაფერი საჭიროებს, ძალიან დიდი მოცულობის ინფორმაციის სწრაფად გადაცემის, დამუშავების, გადაწყვეტილების მიღების, აღსრულების და ანგარიშგების სისტემას.
იმისათვის, რომ წარმოვიდგინოთ მასშტაბი - კომპანია SmartEn-ის აღმასრულებელი დირექტორის ფრაუკე ტისის განცხადებით, 2040 წლისათვის 1 მილიარდი სახლი და 11 მილირადზე მეტი საგანი ჩართული იქნება ენერგოსისტემაში.
ასეთ სისტემას მოქნილი და მაღალინტელექტუალური ენერგეტიკული სისტემა ქვია.
დღეს არსებული ინტერნეტით ამის გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია, ტექნიკურად შეუძლებელია. 4G ამას ვერ „გაქაჩავს“.
ორი გამოსავალია: ერთი - ასეთი სისტემის აშენებაზე უნდა ვთქვათ უარი ან მეორე - 5G ინტერნეტი გვჭირდება და რაც მალე და რაც ყველგან მით უკეთესი.
5G ისედაც გვჭირდება! მაგრამ თუ ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებზე შევთანხმდით რომ გვინდა, მაშინ 5G-ის გარეშე არ გამოვა.
ცნობისათვის, 5G 90%-ით უფრო ენერგოეფექტურია, ვიდრე 4G.
მე არ ვამბობ, ამას უფრო ჭკვიანი ადამიანები ამბობენ.
ცნობისათვის, არც აშშ და არც ევროკავშირი არ არიან ლიდერები 5G-ის მიმართულებით.
ჩინეთს ყავს ყველაზე მეტი 5G აბონენტი და არა მარტო აბსოლუტური მაჩვენებლებით, არამედ მოსახლეობის ერთ სულზე და აქვს ყველაზე ფართო 5G დაფარვა. ჩინეთს გაყიდვაში აქვს ყველაზე დიდი რაოდენობის 5G სმარტფონები, ჩინეთს აქვს ყველაზე დაბალი ფასები 5G ინტერნეტზე, 5G სმარტფონებზე.
არც ამას ვამბობ მე, WSJ წერს ამას.
ასე რომ, „ქართველობას გვართმევენ“ შეთქმულება ამ მიმართულებით არ გამოვა.
ველოდები აქტიურ და ფართო მაშტაბიან კამპანიას 5G-ის სწრაფად ჩართვის მოთხოვნით.
5G-ის გარეშე ალტერნატიულ წყაროებზე დამყარებული, ეფექტური ანუ მოქნილი და მაღალინტელექტუალური ენერგეტიკული სისტემის განვითარება რაც ასე ძალიან გვინდა არ გამოვა. ტექნიკურად არ გამოვა.
p.s. კრიტიკისთვის ყოველთვის მზად ვარ, პირიქით, გამიხარდება საერთო საქმეს წაადგება, მაგრამ ვიდრე გამაკრიტიკებდეთ, კარგად გადაიკითხეთ არსად ჰიდროელექტროსადური ან ჰესი, ან დიდი ჰესი, ან მცირე ჰესი, ან თბოსადგური ან ატომური სადგური არ დამიწერია.
შევეცადე რიცხვებიც, ციფრებიც, ფასი, თვითღირებულება, ექსპორტი, იმპორტი და რთული ეკონომიკური ტერმინოლოგიაც ნაკლებად გამომეყენებინა.