ზვიად ციკოლია წარმოებას შვეიცარიიდან საქართველოში 2022 წლიდან გადმოიტანს
2022 წლის ზაფხულიდან ცნობილი ქართველი სამრეწველო დიზაინერი ზვიად ციკოლია წარმოებას საქართველოში გადმოიტანს. როგორც დიზაინერი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ამ დროისთვის მიმდინარეობს შესაბამისი ქმედებები.
„პანდემიის გამო ყველაფერი გაჭიანურებულია, შესაბამისად, კონკრეტულ დროს ვერ ვასახელებ. ამ მიმართულებით არ გავჩერებულვართ და ვმუშაობთ. საორიენტაციოდ ვადად შემიძლია დავასახელო 2022 წლის ზაფხული, ასე ვვარაუდობ, თუ რამე გაუთვალისწინებელი არ გამოჩნდა,“ - აცხადებს ციკოლია.
Tsikolia-ს წარმოების გადმოტანას დიზაინერი პირადი ფინანსებით გეგმავს და სხვა ინვესტორები მასში არ მონაწილეობენ. წარმოებაში კი პირველ ეტაპზე 70-80 ადამიანი დასაქმდება. წარმოება მოიცავს საათების, სუვენირების და საიუველირო ნაწარმის დამზადებას, განსაკუთრებული ყურადღება ავიაციასაც დაეთმობა.
მისი განცხადებით, წარმოების საქართველოში გადმოტანა ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, ერთ-ერთი ასეთია კვალიფიციური კადრის დეფიციტი. მიუხედავად ამისა, ზვიად ციკოლია აცხადებს, რომ ყველაფერი გამოსწორებადია და მალე ყველაფერი დალაგდება.
კითხვაზე რა არის Tsikolia-ს წარმოების საქართველოში გადმოტანის მიზეზი, მაშინ როდესაც ბევრი ქართული ბრენდი ცდილობს წარმოება საზღვარგარეთ გაიტანოს, ცნობილი დიზაინერი აცხადებს, რომ Tsikolia-ს წარმოება არაოდინალური მიდგომით გამოირჩევა, როგორც საქმის, ისე ბიზნეს მოდელის მიმართ.
„დაველოდოთ ვისი უფრო გაამართლებს. საქართველოში ყველაზე დიდი პრობლემა რაც არის, არის კადრები. ხარისხიანი პროდუქცია რომ მიიღო, ამას სჭირდება ძალიან დიდი ძალისხმევა და ნერვები. ამ მხრივ ვცდილობ, რომ მეტ-ნაკლებად მოვაგვარო პრობლემა, საქართველოში მივიღო ხარისხიანი პროდუქცია და ვაჩვენოთ ყველას, რომ ქართველებს, აქაც შეგვიძლია გავაკეთოთ. ზოგიერთის ბიზნეს მოდელი ისეა აწყობილი, რომ მათთვის მთავარი შემოსავალია. ამიტომ, გაიტანენ ყველგან, საზღვარგარეთ, სადაც უფრო იაფი დაჯდება, იქ აწარმოებენ. ჩემ შემთხვევაში ასე არ არის. ვნახოთ ვისი მოდელი უფრო გაამართლებს,“ - აცხადებს ციკოლია.
რაც შეეხება პროფესიონალ კადრს, ციკოლია აცხადებს, რომ კადრების გადამზადება მსოფლიოს წამყვან სკოლებში იგეგმება.
„საქართველოში საათების წარმოების ისტორია სუფთა ფურცლიდან იწერება. ამას კი მე ვწერ,“-აცხადებს ციკოლია.
ცნობილი დიზაინერი ამბობს, რომ Tsikolia-ს ბრენდის საქართველოში გადმოტანა ქვეყანაში წარმოების კულტურის სხვა დონეზე აყვანას ემსახურება.
ზვიად ციკოლია ცნობილი ქართველი სამრეწველო დიზაინერია, რომლის პორტფოლიოში მრავალი პროექტია. Tsikolia Watches-ი, ქართული საათების ბრენდია, რომელიც განსაკუთრებული დიზაინით შვეიცარიაში მზადდება და უკვე წლებია ბაზარზე საკუთარ ნიშას ინარჩუნებს.