ბიზნესი
20/01/2021

ზურა ბაქრაძე: სარესტორნე ბიზნესი მსხვილი მოთამაშეა ეკონომიკის განვითარების პროცესში

რესტორატორი ზურა ბაქრაძე „ბიზნესპარტნიორთან“ სარესტორნო ბიზნესის განვითარებასა და სექტორის მოლოდინებზე საუბრობს. მისი თქმით, ეს ინდუსტრია საკმაოდ მსხვილი მოთამაშეა და დიდი წვლილი შეაქვს ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებაში.

„22 წელია სარესტორნე ბიზნესში ვარ და შემიძლია ვთქვა, რომ დინამიურად ვითარდება, როგორც მისი კულინარიული ნაწილი, ასევე სერვისი და მიწოდების კულტურა. ადრე, თუ სტუმარ-მასპინძლობის სფეროში მუშაობა არაპრესტიჟულად ითვლებოდა, დღეს ყველაფერი შეიცვალა და აღნიშნული სფერო ხელოვნების ნიმუშად იქცა. რა თქმა უნდა, ქართული სამზარეულოს განვითარებაში უამრავმა ადამიანმა შრომა და რესურსი ჩადო.

პანდემია აფერხებს ამ პროცესებს. გამორიცხულია კოორდინირებული მუშაობის, სახელმწიფოს ხელშეწყობის გარეშე გადარჩეს სარესტორნო ბიზნესი. სტრესულ ბიზნესებს შორის ჩვენი სექტორი ერთ-ერთ პირველ ადგილზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაფინანსებაზე პირდაპირ უარს გვეუბნებიან. შესაბამისად, რაიმე პროექტის დაწყება და გეგმების განხორციელება შეუძლებელი ხდება, მაშინ როდესაც რესტორატორების არაჩვეულებრივი თაობაა, რომლებიც  ქმნიან ღირებულებებს ამ ქვეყნისთვის,“ – აღნიშნავს ზურა ბაქრაძე.

ბაქრაძის თქმით, ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტი ტურიზმის განვითარებაა, რაც ნიშნავს, რომ ვიზიტორს ნებისმერ სფეროში შესაბამისი სერვისი უნდა დახვდეს.

„დღეს აბსოლუტურად სხვა დონეზეა ქართული სამზარეულო, უფრო მეტად დაიხვეწა, გემოვნური თვისებები შენარჩუნდა და მიწოდების კულტურა თანამედროვეობას მოერგო. რესტორნებში ქართული ტრადიციების გაცნობაც უფრო მრავალფეროვანი გზით ხდება.

სექტორის მოლოდინებს რაც შეეხება, გაზაფხულზე თუ გავიხსნებით მაინც ძალიან რთული პერიოდი გველოდება, რომელიც ბოლომდე გააზრებულიც არ გვაქვს, რადგან მუშაობის დაწყებასთან ერთად ბევრი პრობლემა, ვალდებულებები, ფინანსური კრიზისი იჩენს თავს. ვაქცინაცია თუ შედეგიანი აღმოჩნდება, ვფიქრობ, 2022 წლის ზაფხულიდან დადებით დინამიკას უნდა ველოდოთ,“– ამბობს რესტორატორი ზურა ბაქრაძე.

 

Businesspartner