ბიზნესი
07/04/2022

ზურა ბაქრაძე: ფაქტობრივად ყველა რესტორანი კადრების ძიებაშია

კოვიდრეგულაციების შემსუბუქების შემდეგ სარესტორნე ბიზნესმა ოდნავ ამოისუნთქა. თუმცა, საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის ბორდის წევრის ზურა ბაქრაძის განცხადებით, ბიზნესს კიდევ ბევრი პრობლემა აქვს, მათ შორის კადრების სიმცირე. 

როგორც ზურა ბაქრაძე "ბიზნესპარტნიორის" ეთერში ამბობს, ყველა რესტორანი ფაქტობრივად კადრების ძიებაშია.

"დაახლოებით 1 კვირაა კოვიდრეგულაციები შეგვიმსუბუქდა და ბიზნესმა ცოტა ამოისუნთქა. შეინიშნება ტურისტების მატება. საუბარი არ არის მხოლოდ იმ კატეგორიაზე, რომელიც ქვეყანაში ომის შემდეგ ჩამოვიდა, არამედ ინგლისურენოვანი ტურისტების მატებაა. ვცდილობთ, ნელ-ნელა დავუბრუნდეთ იმ რეჟიმს, რაც პანდემიამდე იყო. 

მაგრამ, პანდემიამ რა ზიანიც გამოიწვია და გრძელვადიან უარყოფით შედეგს იძლევა, ეს არის ამ სფეროდან კადრების გადინება. ფაქტობრივად ყველა რესტორანი კადრების ძიებაშია. ამასთან, შრომის ბაზარზე ერთეული კადრის შრომის ღირებულებამ მოიმატა დაახლოებით 20-დან 30%-მდე. კადრების მოძიების შემთხვევაში რესტორანს უწევს გაცილებით მაღალი ანაზღაურების გადახდა, რაც დღევანდელ იმ პირობებში, რაშიც მუშაობა გვიწევს, კიდევ ერთი დამატებითი პრობლემაა", - განაცხადა ზურა ბაქრაძემ.