ბიზნესი
08/10/2021

"ჟუჟუნა" იაპონიის ბაზარზე გავიდა

პირველი ქართული ნახევრად ცქრიალა ღვინის მწარმოებელი კომპანია “ჟუჟუნა“ იაპონიის ბაზარზე გავიდა.

კომპანიამ იაპონიის ბაზარზე შესვლა სააგენტოს "აწარმოე საქართველოში’’ და იაპონიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით შეძლო.

უახლოეს პერიოდში კომპანია "ჟუჟუნა" ევროპისა და ამერიკის კონტინენტის ბაზრებზე გასვლასაც გეგმავს.

„მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ხელშეწყობითა და იაპონიაში საქართველოს საელჩოს უშუალო ჩართულობით კიდევ ერთმა ქართულმა კომპანიამ შეძლო საექსპორტო ბაზრის დივერსიფიცირება და მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს - იაპონიის ბაზარზე დამკვიდრება. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ თანამშრომლობას სხვადასხვა ქვეყნებში საქართველოს საელჩოებთან ქართული კომპანიებისა და საქართველოში წარმოებული ადგილობრივი პროდუქციის მსოფლიო ბაზრებზე მოხვედრის მიზნით“, - აღნიშნავს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა.

აღსანიშნავია, რომ სააგენტოს ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში კომპანია საკუთარ პროდუქტს სასმელი და საკვები პროდუქტების საერთაშორისო გამოფენა Anuga-ზე ქალაქ კიოლნში გაიტანს, სადაც ასობით პოტენციურ დამკვეთთან ექნება შეხვედრის შესაძლებლობა.

„ჟუჟუნა” სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის - საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ბენეფიციარია, რისი მეშვეობითაც ღვინის ჩამოსხმა-დაფასოებისათვის საჭირო დანადგარების შეძენა შეძლო.

კომპანიას ამ ეტაპზე 14 ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

„ჟუჟუნა“ საქართველოს ბაზარზე 2018 წლიდან არის წარმოდგენილი. წარმოებისთვის საჭირო ყურძენს კომპანია ყვარელში, ადგილობრივი მევენახისგან ყიდულობს და საბოლოო პროდუქტს გამოჩენილი მეღვინის, გოგი დაქიშვილის, დახმარებითა და კურატორობით ამზადებს. 

Businesspartner