"ზარაფხანა" საერთაშორისო ბაზარზე გასვლას გეგმავს
საიუველირო კომპანია „ზარაფხანა“ მაღაზიის გახსნას საზღვარგარეთ აპირებს.
კომპანია შემდეგი წლიდან უკრაინის ან დიდი ბრიტანეთის ბაზარზე შევა. როგორც „ზარაფხანას“ გენერალურმა დირექტორმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, პროექტი იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია გაუმჯობესდება.
„თუ დასტაბილურდა სიტუაცია და შევძელით არსებული რეალიზაციის მაჩვენებლების გაუმჯობესება, გვექნება შესაძლებლობა, მაღაზია საზღვარგარეთაც გავხსნათ. არაერთი ქვეყნიდან მოთხოვნა არის ახლაც, ონლაინ მაღაზიის საშუალებით ვყიდით ჩვენს პროდუქტს. მათ შორის ამერიკაში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ასევე ევროპაში. პანდემია რომ არ ყოფილიყო, კიევში უკვე მაღაზია გვექნებოდა, მაგრამ რეალიზაციის შემცირბამ ახალი ინვესტიციების განხორციელება დროებით გადაავადა,“ - აღნიშნა ნიკოლოზ ნაყოფიამ.
მისივე განმარტებით, უცხოური ბაზრების შესწავლის შედეგად, გამოიკვეთა, რომ საქართველოში წარმოებული საიუველირო პროდუქციის ფასები ბევრად დაბალია.
„საზღვარგარეთ შევისწავლეთ ბაზარი და თუ გვექნება სწორი პოზიციონირება, ჩვენი ხარისხით და ავთენტურობით ნამდვილად შევძლებთ გავხდეთ მოთხოვნადი იმ ქვეყანაში, სადაც შევალთ. ასევე ჩვენი ფასითაც საკმაოდ კონკურენტუნარიანი,“ - განმარტა ნიკოლოზ ნაყოფიამ.
"ზარაფხანა" ბაზარზე 2005 წელს გამოჩნდა და თბილისსა და ბათუმში 5 მაღაზიითაა წარმოდგენილი.