ბიზნესი
14/12/2021

"ზარაფხანა" 2022 წელს ლონდონში შოურუმის გახსნას გეგმავს

საიუველირო ქარხანა „ზარაფხანა“  პანდემიის მიუხედავად საერთაშორისო ბაზარზე გააქტიურებას გეგმავს.

როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ნაყოფია „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, 2022 წელს კომპანია ლონდონში საგამოფენო ადგილის, შოურუმის გახსნას განიხილავს.

მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის ბრიტანულ მხარესთან  აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. კომპანია ამ მიმართულებით მინიმუმ 150 000 ფუნტ სტერლინგის ინვესტიციას განახორციელებს.

2022 წლის ბოლოსთვის ასევე დაგეგმილია უკრაინაში ბრენდული მაღაზიის გახსნაც.

ნიკოლოზ ნაყოფიას ინფორმაციით, კომპანიას ორივე პროექტის განხორციელება აქამდეც ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა, პანდემიამ კომპანიის საინვესტიციო გეგმები დააკორექტირა. კომპანია უკრაინაში ბრენდული მაღაზიის გასახსნელად დაახლოებით 150 000 დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

როგორც „ზარაფხანას“ გენერალური დირექტორი აცხადებს, ამ დროისთვის კომპანიის წარმოებული საიუველირო ნაწარმი ძირითადად დასავლეთის ქვეყნებში გადის. მიმდინარეობს პარტნიორული ურთიერთობის განახლება არაბეთის გაერთიანებულ საემიროებთან, ყაზახეთთან. „ზარაფხანას“ პროდუქცია იყიდება ამერიკაშიც.

„კომპანიის 3 წლიანი გეგმაა, დიდ ბრიტანეთში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, უკრაინასა და ამერიკაში გავხსნათ ან შოუ-რუმები, ან მაღაზიები ან წარმომადგენლობები,“ - აცხადებს ნაყოფია.  

შეგახსენებთ, რომ „ზარაფხანა“ საქართველოში ერთადერთი საიუველირო ქარხანაა, რომლის ისტორიაც 1939 წლიდან იწყება. კომპანიის მიერ ასლისა და რეპლიკის სახით გაცოცხლებულია ანტიკური ხანის ძვირფასი ნაკეთობები და შექმნილია კოლექციები. 

"ზარაფხანა“ საქართველოში 4 მაღაზიით არის წარმოდგენილი (თბილისში - 3, ბათუმში -1).