ბიზნესი
05/04/2022

"ზაკვოს" ნაცვლად ახალი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა წლის ბოლომდე დაიწყება

თბილისში, ამიერკავკასიაში საბჭოთა ჯარების ყოფილი შტაბბინის (ზაკვოს) ნაცვლად ახალი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა წლის ბოლომდე დაიწყება. როგორც ცნობილია, მის ადგილზე ახალი საცხოვრებელი და ბიზნეს კომპლექსი (როგორც სავაჭრო, ისე საოფისე ფართები) უნდა აშენდეს.

IG Development-ის მიერ  „თიბისი ბანკისგან“ გამოსყიდული შენობის ¾-ი უკვე დანგრეულია. შენობა, რომელიც უნივერსიტეტის ქუჩაზე N2-ში მდებარებს, წლების განმავლობაში უფუნქციოდ იყო დარჩენილი.

როგორც IG Development-ის შვილობილი კომპანიის City Development-ის დირექტორმა სანდრო ტოგონიძემ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, დიდი ალბათობით კომპანია წლის ბოლოდან გაყიდვებსაც დაიწყებს.

„გეგმარებითი დავალების პირველადი ვერსიის ნაწილი მერიაში უკვე შეტანილია, არსებული ხარვეზები გამოვასწორეთ და ახლა ველოდებით გეგმარებით სრულ დავალებას. შემდგომ უკვე პროცესებს მივყვებით,“ - აცხადებს ტოგონიძე.

მისი ინფორმაციით, დაახლოებით 22 000 კვ.მ იქნება რეკრეაციული სივრცე, 11 000 კვ.მ - საზოგადოებრივი სივრცე. ტოგონიძის განმარტებით, საწყის ეტაპზე კომპანია პროექტში 120-150 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

ახალი კომპლექსის დასრულების ვადად კი 2026 წელია განსაზღვრული.

შეგახსენებთ, აღნიშნული ტერიტორია "თიბისი ბანკის" საკუთრებას წარმოადგენდა და იქ საფინანსო ინსტიტუტი სათაო ოფისის მშენებლობას გეგმავდა.