"ზაკვოს" დემონტაჟი დაიწყო - ახალი მრავალფუნქციური კომპლექსი 2026 წელს გაიხსნება
თბილისში, ამიერკავკასიაში საბჭოთა ჯარების ყოფილი შტაბბინა დაინგრევა და მის ადგილზე ახალი საცხოვრებელი და ბიზნეს კომპლექსი (როგორც სავაჭრო, ისე საოფისე ფართები) აშენდება.
IG Development-ის მიერ „თიბისი ბანკისგან“ გამოსყიდული ობიექტის ადგილზე მრავალფუნქციური კომპლექსის კონცეფციას არქიტექტურული კომპანია „არტ სტუდიო“ მოამზადებს.
შენობა, რომელიც უნივერსიტეტის ქუჩაზე N2-ში მდებარებს, ამიერკავკასიაში საბჭოთა ჯარების ყოფილი შტაბბინა იყო. ობიექტი წლების განმავლობაში უფუნქციოდ იყო დარჩენილი.
როგორც IG Development-ის შვილობილი კომპანიის City Development-ის დირექტორმა სანდრო ტოგონიძემ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, შენობის დემონატაჟი უკვე დაიწყო, ახალი შენობა კი გაიმეორებს არსებული ე.წ ზაკვოს შენობის მორფოლოგიას.
„მიწის ზემოთა ნაწილის დემონტაჟი მოხდება, რადგან ტექნიკურად ვერ შევძლებდით მაგის შენარჩნებას, თუმცა, მიწისქვეშა სართულებზე ჯერჯერობით სანახავია რა დაგვხვდება. მაინც ძველი, საბჭოთა შენობაა და შეიძლება მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა იყოს, ამ შემთხვევაში გავითვალისწინებთ და თუ რამე ფასეული იქნა, შევინაროჩუნოთ.
ახლა მიმდინარეობს გეგმარებითი დავალების დამუშავება, უკვე დაზუსტებული დოკუმენტი კი თბილისის ურბანული სამსახურის ვებ-გვერდზე დასამტკიცებლად აიტვირთება. პარარელურად გაკეთდება განაშენიანების რეგულირების გეგმაც, შემდეგ შეთანხმდება დეტალური არქიტექტურული პროექტი და უკვე ამის შემდეგ გაიცემა სამშენებლო ნებართვა,“-აცხადებს ტოგონიძე.
მისი ინფორმაციით, დაახლოებით 22 000 კვ.მ იქნება რეკრეაციული სივრცე,11 000 კვ.მ - საზოგადოებრივი სივრცე.
ტოგონიძის განმარტებით, საწყის ეტაპზე კომპანია პროექტში 120-150 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.
კითხვაზე, როდის დაიწყება უშუალოდ სამშენებლო პროცესი, ტოგონიძე აცხადებს, სავარაუდოდ, ახალი შენობის მშენებლობა 2022 წლის გაზაფხულზე დაიწყება, ახალი კომპლექსის დასრულების ვადად კი 2026 წელია განსაზღვრული.
შეგახსენებთ, აღნიშნული ტერიტორია "თიბისი ბანკის" საკუთრებას წარმოადგენდა და იქ საფინანსო ინსტიტუტი სათაო ოფისის მშენებლობას გეგმავდა.