ბიზნესი
27/11/2020

World Class Georgia: უსამართლობის განცდა გვაქვს,ინდუსტრია წნეხის ქვეშ აღმოჩნდა

World Class Georgia-ს მარკეტინგის დირექტორი ნინო ხუროძე მთავრობის გადაწყვეტილებას,ფიტნეს დარბაზების მუშაობის დროებით შეწყვეტასთან დაკავშირებით დამღუპველს უწოდებს და აღნიშნავს, რომ დარბაზში არასდროს ყოფილა დაინფიცირების შემთხვევა, რაც უსამართლობის განცდას იწვევს. მისი განცხადებით, ეს ყველაფერი პრევენციის თვალსაზრისით შედეგს არ მოიტანს.

„ყველა კომპანიამ თავის თავზე აიღო ტვირთი, რომ ბიზნესი გადაერჩინა. პირველ ლოკდაუნს თუ არ ჩავთვლით, მთავრობას ფიტნეს ინდუსტრიის  წარმომადგენლებთან შეხვედრა არ ჰქონია. იმედი გვაქვს რაღაც შეღავათები იქნება. ჩვენი ძალებით ვებრძვით ამ ყველაფერს,  ამ ეტაპზე რთულია ზარალზე საუბარიც. ისიც არ ვიცით როდის გავიხსნებით, შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის დამღუპველია.

ყველაფრის მიუხედავად, შემართებით ვართ, რომ გადავარჩინოთ ბიზნესი. ჩვენი მიზანი თავიდანვე იყო ფიტნესის განვითარება საქართველოში, არ ვაპირებთ, რომ ამ მიმართულებას გადავუხვიოთ. დაველოდებით მოვლენების განვითარებას, იმედია ყველაფერი კარგად იქნება და შევძლებთ საქმიანობის გაგრძელებას.“– აღნიშნავს ნინო ხუროძე. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. საბჭოს გადაწყვეტილებით რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე.დროებით იხურება სავაჭრო ცენტრები (მოლები),სპორტ დარბაზები,ჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

 

 

Businesspartner