ბიზნესი
20/12/2021

Visa კოვიდ-19-ით დაზარალებულ მცირე და საშუალო ბიზნესს დაეხმარება

Visa კოვიდ-19-ის შედეგად დაზარალებული მცირე და საშუალო ბიზნესსა და ადგილობრივ ტურიზმს დაეხმარება. ციფრული გადახდების პლატფორმამ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ხელი მოაწერა ორწლიან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

თანამშრომლობა მიზნად ისახავს ადგილობრივი ტურიზმის, მცირე და საშუალო ბიზნესის, ეკონომიკის, ფინანსური ჩართულობის განვითარების ხელშეწყობასა და ინოვაციების დანერგვას საქართველოში.

მემორანდუმის თანახმად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და Visa თანამშრომლობის პლატფორმას ჩამოაყალიბებენ და შემდეგ მიზნებზე იმუშავებენ:

  • COVID-19-ის შედეგად დაზარალებული მცირე და საშუალო ბიზნესის (SMEs) მხარდაჭერა, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შეთავაზების გზით, კერძოდ - Visa Business Skills პლატფორმის დანერგვა „აწარმოე საქართველოსთან“ ერთად და გაციფრულების პროცესის ხელშეწყობა;
  • ადგილობრივი ტურიზმის ხელშეწყობა. კერძოდ, ერთობლივი აქტივობების განხორციელება როგორც, ლოკალური, ასევე საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის გაზრდის მიზნით;
  • ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობა და საჭიროებებზე მორგებული პროექტების განცხორციელებით ეკონომიკური და ფინანსური ჩართულობის გაძლიერება.

„მემორანდუმი ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაციის დაჩქარებას საქართველოში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ Visa მხარს დაუჭერს მეწარმეობის წამახალისებელ პროგრამას „აწარმოე საქართველოში“,  ასევე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას. თანამშრომლობის შედეგად და ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნეს კომპანიების ციფრული ტრანსფორმაციის დაჩქარების მიზნით, იგეგმება ერთობლივი მარკეტინგული კამპანიები, საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა და როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირება Visa-ს სტატისტიკური პლატფორმის  დახმარებით“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

ადგილობრივი ტურიზმის განვითარების მხარდაჭერის მიზნით, კომპანია სამინისტროს კვლევის შედეგებს გაუზიარებს. კერძოდ, მიაწვდის ანალიზს მოგზაურთა ტიპებისა და მახასიათებლების შესახებ. როგორც Visa-ს წარმომადგენლობაში აცხადებენ, აღნიშნული მონაცემების ანალიზის საფუძველზე  შესაძლებელი გახდება ტურისტული გრაფიკის სტიმულირების მიზნით სტრატეგიის დაგეგმვა, სხვადასხვა ხარვეზისა თუ სუსტი წერტილების იდენტიფიცირება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ეფექტურად შესწავლას, არსებული მარშრუტების განვითარებასა და ახალი მიმართულებების დამატებას. 

„Visa-სა და საქართველოს შორის მემორანდუმის გაფორმება თანამშრომლობის პლატფორმას აყალიბებს, რომლის მიზანია ქყევნის ეკონომიკის შემდგომი განვითარების მხარდაჭერა. გვჯერა, რომ ერთობლივი მუშაობით, საზოგადოებას დადებით შედეგებს მოვუტანთ. Visa-ში ასევე მტკიცედ გვწამს საქართველოს ინოვაციური და ტექნოლოგიური მომავლის, რაც ეროვნული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, განვითარებისა და ქვეყნის, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მიმართულებად წარმოჩენის გარანტია“- აღნიშნა Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში დიანა კიღურაძემ.

ფინანსური ცნობიერების ამაღლების გლობალური ინიციატივითა და მსოფლიოში 50 მილიონი მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების გეგმებით, Visa საქართველოში საგანმანათლებლო ციფრულ პლატფორმას - Practical Business Skills (PBS) დანერგავს. პროგრამა, 50-ზე მეტ ონლაინ სასწავლო მოდულისგან შედგება, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს მიაწვდის ინფორმაციას ბიზნესს მართვის სასურველ ეტაპზე.

Businesspartner