ბიზნესი
03/02/2021

"ვირუსის გავრცელების საფრთხე ჩვეულებრივ რესტორანში არის და სასტუმროს რესტორანში არა?!"

რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, შოთა ბურჯანაძე ეკონომიკის მინისტრის განცხადებას, რომ არაკანონიერი ქმედებები დიალოგს გაართულებს „ბიზნესპარტნიორთან“ პასუხობს. მისი თქმით, ისევე როგორც აქამდე, დილოგისთვის მზად არიან, თუ კონკრეტულ საკითხებზე ლოგიკურ განმარტებებს მიიღებენ.

„კანონდარღვევაა თუ არა რესტორნის გახსნა, ამასთან დაკავშირებით მე მაქვს კონკრეტული კითხვა მთავრობის წევრებთან და ეპიდემიოლოგებთან, ვითხოვ ლოგიკურ განმარტებას. ფეშენებელურ სასტუმროებში ფორმალურად ნომრის დაჯავშნისას, სარესტორნო სივრცით სარგებლობს ადამიანი, ვახშმობს, იღებს ალკოჰოლს და 30 მეტრში რესტორანი რატომ უნდა იყოს დაკეტილი. რატომ არ არის ვირუსის გავრცელების პრობლემა სასტუმროების ამ მომსახურებაში, და რატომ არის ეს პრობლემა ასევე მაღალი კლასის რესტორნებისთვის,“– აღნიშნავს შოთა ბურჯანაძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, რესტორნებში, შეკრების გარდა არის სხვა რისკი. მივირთმევთ ალკოჰოლს, გამამხნევებელს, შემდეგ ბევრი ახლო კონტაქტის შესაძლებლობაა. 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, კი რესტორანში ადამიანი ვერ იყენებს პირბადეს, რაც ინფექციის გადადების რისკებს საგრძნობლად ზრდის.

„ახსნა არ აქვს ამ უსამართლო კანონებს, ვერ ვუსმენთ ამას. შეიძლება ვერ ვგებულობ და გამყრელიძეს უკეთესი ლოგიკა აქვს, თუ ამიხსნის რაში ვცდები ბოდიშსაც მოვუხდი. რაც შეეხება, ეკონომიკის მინისტრის განცხადებას, ლოგიკურია, რომ ამას იტყოდა. დიალოგისთვის მზად ვართ,“ – ამბობს ბურჯანაძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გვიან რესტორატორთა ასოციაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შაბათს, 6 თებერვალს რესტორნები მუშაობის განახლებას ნებართვის გარეშე აპირებენ. ამ გადაწყვეტილებას ეკონომიკის მინისტრი დღეს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კანონის დარღვევა ძალიან გაართულებს ამ დიალოგს და რესტორნის მფლობელებს მოუწოდა შეზღუდვებთან დაკავშირებით დაწესებული რეგულაციები დაიცვან.