
Vero Moda-ს, New Look-ისა, ONLY-სა და სხვა ცნობილი ბრენდების ჯინსები ოზურგეთში იკერება
ოზურგეთში მდებარე სამკერვალო ფაბრიკა ცნობილი ბრენდებისთვის URBAN, PIECES, GINA TRICOT, LIU JO, NOISY MAY, VERO MODA, GEORGE, VERO MODA-CURVE, NEW LOOK, ONLY, CUBUS ჯინსებს კერავს.
ჯინსების სამკერვალო ფაბრიკის მფლობელ კომპანია "ოზურგეთი დენიმს" „აწარმოე საქართველოში" პროგრამის უძრავი ქონების გადაცემის კომპონენტის ფარგლებში მიწის ნაკვეთი რამდენიმე წლის წინ გადაეცა სიმბოლურ ფასად.
საწარმოში შეკერილი პროდუქცია ექსპორტზე ევროპაში გადის.
ჯინსების სამკერვალო ფაბრიკა ეკონომიკის მინისტრმა დაათვალიერა და განაცხადა, რომ ინვესტორმა სრულად მოახდინა წლების წინ ნანგრევად ქცეული ადგილის რეაბილიტაცია, სადაც დღეს საწარმო მდებარეობს.
„საწარმოში დასაქმებულია 150 ადგილობრივი მცხოვრები, მათ შორის ძირითადად ქალბატონები. ამ ადამიანების მიერ შეკერილი პროდუქცია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გადის ექსპორტზე. მოხარული ვარ, რომ ამ ადამიანებს თავისი დაუღალავი შრომით საკუთარი წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაძლიერებაში. კომპანიას აქვს გაფართოების სურვილი და ჩვენ კვალავაც დავუდგებით მათ გვერდში. სწორედ ამისთვის არის ჩვენი ახალი პროგრამები, რომელიც ცოტა ხნის წინ დავაანონსეთ და რომელიც უკვე ამოქმედებულია. ეს არის საექსპორტო დარგებისა და ადგილობრივი ქართული წარმოების წახალისების პროგრამები. ჩვენი ყოველთვის დავეხმარებით რეგიონებში ინვესტორებს ასეთი პროექტების განხორციელებაში, ვინაიდან პირველ რიგში, ეს არის ჩვენი მოსახლეობის დასაქმება", - აღნიშნა ნათია თურნავამ.