ბიზნესი
22/06/2021

ვეფხი და მოყმე: რესტორნისთვის 1 საათით მუშაობის გახანგრძლივება არაფრის მომცემია

რესტორნებისთვის მუშაობის 1 საათით გახანგრძლივების გადაწყვეტილებას „ვეფხი და მოყმე“ აფასებს. როგორც რესტორნის პიარისა და მარკეტინგის მენეჯერი, მირანდა მაისურაძე "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, შეღავათი მსგავსი კონცეფციის რესტორნებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი არ არის.

„იმ კატეგორიის რესტორნებისთვის, რომელთა კონცეფციაც ძირითადად გათვლილია ფასთ ფუდებზე, ვახშმებზე, ლანჩებზე, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, მაგრამ იმ კატეგორიის რესტორნებისთვის, რომელთა კონცეფციაც ითვალისწინებს მასშტაბურ ღონისძიებებს - დაბადების დღეებს, ნათლობებს, ქორწილებს და ა.შ. დიდი ვერაფრის მომცემია. 11-ის ნახევრამდე ისედაც ჩერდებოდა სტუმარი ჩვენთან, ეს ერთი საათი განსაკუთრებული მნიშვნელობის ნამდვილად არ აღმოჩნდება,“ - ამბობს მირანდა მაისურაძე.

მისი თქმით, წლევანდელი ზაფხულიც არ იქნება მარტივი და რესტორნებს უკეთესი ცვლილებების მოლოდინები არ აქვთ.

„უსაფრთხოების ის წესები და სახელმძღვანელო რაც გვაქვს ზედმიწევნით კარგად უნდა დავიცვათ, რადგან ამის გარეშე უარესი გველოდება და პირველი სექტორი რომელსაც დაარტყავს ახალი ტალღა იქნება ისევ სარესტორნე ბიზნესი. უკეთესი ცვლილების მოლოდინები ნამდვილად არ გვაქვს,“ - აღნიშნა მირანდა მაისურაძემ.

Businesspartner