ბიზნესი
01/06/2022

ვანო გოგლიძე: გაზის გაძვირებამ შესაძლოა წვენების ექსპორტზე გატანა შეაფერხოს

ბუნებრივი აირის ტარიფის ზრდა ბოლო პერიოდში ისედაც გაძვირებულ პროდუქციას კიდევ უფრო გააძვირებს.

„ბიზნესპარტნიორთან“ საკონსერვო კომპანიამ „კულას“ დამფუძნებელი ვანო გოგლიძე აცხადებს, რომ პროდუქციის თვითღირებულებაში ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი გაზია, შესაბამისად, ტარიფების ზრდა „კულას“ პროდუქტს დიდი ალბათობით გააძვირებს.

„ზუსტად არ ვიცი, არც კალკულაცია გამიკეთებია. ყველაფერი დამოკიდებულია რა ფასი ექნება წელს ხილს,ბოსტნეულს. თუ მოხდა ისე, რომ არ გაძვირდა ნედლეული და იქნა ჭარბი მოსავალი, მაშინ ვეცდები ენერგომატარებლებზე გაზრდილი ტარიფი ამით დავაკომპენსირო. თუ არადა, მომიწევს ადგილობრივი ბაზრისთვის გაძვირება.

რაც შეეხება ექსპორტს, წვენის კონცენრატებზე  ფასებს საერთშორისო ბირჟა ადგენს, დადგენილზე ძვირად ვერ გავყიდი. ამიტომ თუ მოხდა ისევ, რომ ძალიან გაიზარდა თვითღირებულება, ექსპორტზე შეიძლება წვენები აღარ გავიტანო. ვნახოთ რა იქნება, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი,“-აცხადებს გოგლიძე.

კომპანია 2008 წლიდან არსებობს, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით გამოირჩევა. ამჟამად კომპანია კულას გააჩნია 5 საწარმო, აქედან, 4 მდებარეობს გორში და 1 ახალციხეში.

შეგახსენებთ, 2022 წლის 1-ლი ივლისიდან დედაქალაქსა და რეგიონებში გაზის ტარიფი არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის იზრდება. რეგიონებში,  შპს “თელავგაზის“, “სოკარ ჯორჯია გაზის“, „საქორგგაზის“ და „ინტერ გაზის“ საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, 1მ3 ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება 1,38 ლარით დღგ-ს ჩათვლით. აღნიშნულის შესახებ განცხადებები თავად კომპანიებმა გაავრცელეს.

დედაქალაქში, როგორც ,,თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, ტარიფი  ერთ კუბურ მეტრ გაზზე 1.10 ლარს შეადგენდა, რაც 1.35 ლარამდე იზრდება. ცვლილება 20 000 არასაყოფაცხოვრებო აბონენტს შეეხება.