ბიზნესი
04/05/2021

"ვაქცინაციისთვის სიები მალე ვერ გვექნება, ტურიზმის ინდუსტრიას პერსონალი აღარ გვყავს"

ვაქცინაციის პროცესში ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლების ჩართვასთან დაკავშირებით მთავრობასა და სექტორს შორის პირველი კომუნიკაცია უკვე შედგა. ახლა მხარეები ტექნიკურ დეტალებს გადიან, რის შემდეგაც სიების შედგენის პროცესი უნდა დაიწყოს.

სასტუმრო „ციტრუსის“ მმართველი, შალვა ალავერდაშვილი „ბიზესპარტნიორთან“ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს და ტურიზმის სექტორში დასაქმებულებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

„ეს ძალიან კარგი ინიციატივაა. იმედია, განხორციელდება და ჩვენი სექტორი მას აიტაცებს. ძალიან კარგია, როდესაც სტუმარ-მასპინძლობის სექტორი ერთ-ერთ პრიორიტეტად წარმოჩინდა. ჩვენ თუ ავიცრებით და ვიქნებით დაცულები, ეს მეტად შეუწყობს ხელს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას. თუმცა, ვერავის დავაძალებთ, რომ გინდა თუ არა აიცერი, ან თუ არ აიცრები სამსახურიდან გაგაგდებო. იმედია, ჩვენი ბევრი თანამშრომელი გაგებით მოეკიდება ამ თემას და მაქსიმალურად აიცრება ყველა“,- ამბობს ალავერდაშვილი.

დადებითი შეფასებების მიუხედავად, როგორც ჩანს, კერძო სექტორი რამდენიმე გამოწვევის წინაშე დადგება. ერთ-ერთი ბარიერი იმ ადამიანების სიების შედგენა იქნება, ვინც ტურიზმის სფეროშია დასაქმებული და ვაქცინაცია სურს. შალვა ალავერდაშვილი პროცესის ხელისშემშლელ ფაქტორებზე საუბრობს.

„სიების შედგენა ძალიან რთული პროცესია. დღესდღეობით თბილისში სასტუმროების მხოლოდ 35%-ია ღია. დანარჩენი ისევ დახურულია. ჩვენ ხელახლა უნდა დავიბადოთ, ხელახლა უნდა გავიხსნათ და ხელახლა უნდა მივიღოთ პერსონალი სამსახურში. ასეთი მარტივი არ არის. დღეს დავიძახოთ, რომ ხვალ სიები მოგვაწოდეთო, ასე არ ხდება. ტურიზმის სექტორი დანგრეულია და ის სულ თავიდან უნდა ავაშენოთ. ახლა ვართ 2003-2004 წლის დონეზე. სულ თავიდან უნდა გავაკეთოთ ყველაფერი. როგორ გადავცემ სიებს, წელიწადზე მეტია დახურული გვაქვს სასტუმროები და ადამიანები ჩვენთან აღარ მუშაობენ. დაუგეგმავი პოლიტიკა გვაქვს. ამის შესახებ არაფერი ვიცოდით. დღეს გამოვიდნენ, მიიღეს გადაწყვეტილება და ხვალ სიები უნდა მივაწოდოთ. ასე არ ხდება. აბსოლუტურად სხვადასხვა სივრცეში ვმუშაობთ. ადამიანებს, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ, ჰგონიათ, რომ ისევ საბჭოთა კავშირის დროს ვცხოვრობთ, რაღაცას იტყვიან და სიები უნდა გადავცეთ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ძალიან კარგი იდეაა, თუმცა ეს სიები ასე მალე ვერ იქნება იმიტომ, რომ ჩვენ პერსონალი აღარ გვაქვს. ჩემთან მუშაობდა 482 ადამიანი, ახლა მუშაობს 25“,- აცხადებს „ციტრუსის“ მმართველი.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბიზნეს ასოციაციებმა მთავრობას კომერციული გზით ვაქცინის შემოტანის შესახებ არაერთხელ მიმართეს. მაშინ გაერთიანებებში ამბობდნენ, რომ თანამშრომლების აცრა სურდათ. კითხვაზე, რა შეიცვალა ახლა და ჰქონდა თუ არა კერძო სექტორს გეგმა, როგორ წარმართავდა დასაქმებულთა ვაქცინაციის პროცესს, ალავერდაშვილი პასუხობს:

„როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ რაღაც გვინდა ეს იმას ნიშნავს, რომ დროში უნდა დავემთხვეთ. ბოლო 2 კვირაში შემოსავლის სახით დაახლოებით 40-50 მილიონი დოლარი დავკარგეთ. დღეს მივიღეთ რაღაც გადაწყვეტილება, როცა მაისის ღონისძიებები აღარ არის. მაისის ღონისძიებები ჩავაგდეთ. ჩვენი ნათქვამის გააზრება ვერ ხდება. დროსა და სივრცეში აცდენილები ვართ. ჩვენი ხედვა სხვა არის, მათი ხედვა კი - სხვა“.

შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ვაქცინაციის ჯგუფი გაფართოვდა, ის უკვე მოიცავს მთავრობისა და პარლამენტის წევრებს, ასევე ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორში დასაქმებულებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებსა და კონტროლიორებს. დღესვე აღინიშნა, რომ ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა ვაქცინაციისთვის შესაბამისი სიების შედგენაზე ნათია თურნავას უწყება მუშაობას კერძო სექტორთან იწყებს.