ბიზნესი
25/03/2022

ვაკის ხორცპროდუქტები: ფასების ზრდა, ალბათ, გარდაუვალი იქნება

რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად არსებული კრიზისის ფონზე გაძვირებული საწვავი ბევრ სექტორში ხდება ფასების ზრდის ერთ-ერთი მიზეზი.

როგორც ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ვაკის ხორცპროდუქტების“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩხაიძემ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, საწვავზე ფასის ზრდას ემატება გაუფასურებული ეროვნული ვალუტაც, რამაც დღის წესრიგში ფასების გადახედვის საჭიროება დააყენა.

„ამ დროისთვის ფასები გვიჭირავს, არ გაგვიძვირებია, თუმცა, ზრდა ალბათ გარდაუვალი იქნება. საბოლოოდ რა გადაწყვეტლებას მივიღებთ და როდისთვის, ამ ეტაპზე არ ვიცი,“ - აცხადებს ჩხაიძე.

„ვაკის ხორპროდუქტების“ გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ კომპანია მაქსიმალურად იკავებს თავს და ცდილობს არ გაზარდოს ფასები, რადგან ეს ნაბიჯი გაყიდვებს გარკვეულწილად შეამცირებს.

ლევან ჩხაიძე რეალიზაციის მაჩვენებელზე და პანდემიის გავლენაზე ამბობს, რომ  ამ დროისთვის არსებული შემოსავლები პანდემიამდელს თითქმის გაუტოლდა.

2015 წლის 13 ივნისის სტიქიამ „ვაკის ხორცპროდუქტების“ ქარხანა მთლიანად გაანადგურა. დაიტბორა საწარმოს ტერიტორია, გაფუჭდა პროდუქციაც. ზარალის სავარაუდო ოდენობამ რამდენიმე მილიონი ლარი შეადგინა. 

„ვაკის ხორცპროდუქტებმა" წარმოება სტიქიიდან დაახლოებით ერთ თვეში განაახლა. კომპანია პროდუქტს შეზღუდული რაოდენობით, ლილოში, „იოლის ქარხანაში" აწარმოებდა. 2019 წლიდან კი კომპანია პროდუქციას გლდანში მდებარე ახალ საწარმოში აწარმოებს.

ამ დროისთვის კომპანია მხოლოდ თბილისში, 11 ობიექტითაა წარმოდგენილი და 75-მდე სახეობის ხორცპროდუქტს აწარმოებს.

შეგახსენებთ, ომის დაწყებიდან დღემდე დიზელი დაახლოებით 90 თეთრით გაძვირდა, რეგულარი - 60 თეთრით, პრემიუმი -65 თეთრით. შედეგად, საქართველოში ეკოსაწვავი 4.19 ლარი, პრემიუმი კი 3.85 ლარი  გახდა.რაც შეეხება ლარის კურსს,  რუსეთ-უკრაინის ომამდე კურსი იყო 3.0-იან ნიშნულზე იყო, ახლა 1 დოლარის ოფიციალური კურსი  3.2372 ლარი ღირს.