ბიზნესი
17/04/2022

ვაკეში "საპონერიას" პირველი მაღაზია გაიხსნა

ბუნებრივი შემადგენლობის, პრემიუმ ხარისხის ხელნაკეთი საპნების და სპა საშუალებების მწარმოებელმა კომპანიამ “საპონერია“  პირველი მაღაზია გახსნა.

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის დამფუძნებელმა ანა კაჭკაჭიშვილმა განაცხადა, პირველი მაღაზია ინტეგრირებული საწარმოთი  ვაკეში, დიმიტრი არაყიშვილის N8-ში გაიხსნა. მისი განცხადებით, მომხმარებელს ადგილზე შეეძლება გაეცნოს როგორც  პროდუქტის წარმოების პროცესს, ისე მისი დატესტვის შესაძლებლობა ექნება. 

კაჭკაჭიშვილის განცხადებით, „საპონერიაში“  50-მდე სახეობის ხელნაკეთი პროდუქტი იყიდება, აქედან 20-მდე სახეობის საპონია. სამომავლოდ დაგეგმილია როგორც  ასორტიმენტის  გაზრდა, ისე მაღაზიათა ქსელის გაფართოება, მათ შორის, რუსთავში,  ქუთაისსა და ბათუმში.

როგორც კაჭკაჭიშვილი აცხადებს, პროექტის განხორციელებისთვის კომპანიამ "პირველი არხის სატელევიზიო შოუ “შარქ თენქ საქართველოსგან" 80 000 ლარის ინვესტიცია მოიზიდა.