"ვაგრძელებთ კამპანიას "აწარმოე უკრაინისთვის" და გვინდა უკრაინელებს ვუთხრათ, რომ მათ გვერდით ვართ"
ქართული კომპანიები უკრაინის მხარდაჭერის მიზნით, კამპანიაში "აწარმოე უკრაინისთვის" აქტიურად არიან ჩართული. სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით დაწყებული კამპანიის ფარგლებში 40 ტონამდე ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა უკრაინაში. ამ ეტაპზე კი სააგენტოს ხელმძღვანელმა ქართული კომპანიების წარმოებული პროდუქცია საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებს გადასცა.
"უკრაინაში უკვე გავაგზავნეთ ქართული კომპანიების მოწოდებული სხვადასხვა პროდუქცია, ჯამში 40 ტონამდე ჰუმანიტარული დახმარება. დღეს გარკვეული პროდუქცია მივაწოდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოში არიან დარჩენილი," - განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.
მთავრობის გადაწყვეტილებითა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით დაწყებული კამპანიის „აწარმოე უკრაინისთვის“ ფარგლებში, სასტუმრო „იბისში“ მყოფ უკრაინის მოქალაქეებს ქართული კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქცია გადაეცათ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით სასტუმრო „იბისში“ უკრაინის ის მოქალაქეები იმყოფებიან, რომლებიც საქართველოში 23 თებერვლამდე იყვნენ ჩამოსული და სამშობლოში დაბრუნება ვეღარ შეძლეს უკრაინაში დაწყებული ომის გამო. ამ ეტაპზე სახელმწიფოს დაფინანსებით 300-მდე უკრაინელი ტურისტია განთავსებული.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარებისა და სხვა ქართული კომპანიების მიერ მოწოდებული პროდუქცია ამ ეტაპზე უკრაინის 90 მოქალაქეს გადაეცა.
„ჩვენი ამ თანადგომით, გვინდა უკრაინის თითოეულ მოქალაქეს კიდევ ერთხელ დავანახოთ, რომ ჩვენ ქართველები მათ გვერდით ვართ და ვიმედოვნებთ, რომ მათ ქვეყანაში ომი მალე დასრულდება“, - აღნიშნა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.