უცხოელებისთვის საქართველოში გამოგონებების დაპატენტების პროცედურა მარტივდება
უცხოელი განმცხადებლებისთვის საქართველოში გამოგონებების დაპატენტების პროცედურა მარტივდება, - ცვლილებები საქართველოს საპატენტო კანონში შედის. ცვლილებათა პაკეტზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა იმსჯელა.
„ცვლილება განპირობებულია ორი მიზნით - საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას შორის 2019 წელს გაფორმდა ვალიდაციის შეთანხმება, რომლის ძალაში შესვლისათვის აუცილებელია განხორციელდეს წარმოდგენილი ცვლილებები. მეორე მიზანი, რომელსაც ეს კანონპროექტი ემსახურება, არის ევროპის საპატენტო კონვენციასთან, საპატენტო კანონის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებასთან და ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობასთან ჩვენი კანონმდებლობის მიახლოება", - განაცხადა „საქპატენტის" თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ჩიქოვანმა.
ცვლილების მიხედვით, მას შემდეგ რაც მოხდება ევროპის საპატენტო ორგანიზაციის EPO-ს მიერ შეთანხმების გამოქვეყნება, საქართველოში ვალიდირებულ ევროპულ პატენტს მიენიჭება იგივე იურიდიული ძალა და დაექვემდებარება იმავე პირობებს, რაც ვრცელდება ეროვნულ საპატენტო განაცხადზე და ეროვნულ პატენტზე საქართველოს საპატენტო კანონის მიხედვით.
განმცხადებლის მოთხოვნით, ევროპული საპატენტო განაცხადი და მის საფუძველზე გაცემული ევროპული პატენტი ვალიდირებული იქნება საქართველოს ტერიტორიაზე, რაც უცხოელ განმცხადებლებს საქართველოში გამოგონებების დაპატენტების პროცედურას გაუმარტივებს. ამასთან, მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოში რეგისტრირებული პატენტების რაოდენობა.
მომხსენებლის განმარტებით ეს ფინანსურადაც მომგებიანი იქნება ქვეყნისთვის, რამდენადაც ევროპული პატენტების საქართველოს ტერიტორიაზე ვალიდაციისა და მისი ძალაში შენარჩუნების საფასურთან დაკავშირებული შემოსავლების წილი, ვალიდაციის საფასურის 75% საქპატენტში ჩაირიცხება.
განხილვის დასრულების შემდეგ კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.