"უსულის" მიერ წარმოებული ჩაი შესაძლოა, ესპანეთის ბაზარზე გაიყიდოს
ნატურალური კოსმეტიკის მწარმოებელმა კომპანიამ "უსული" ჩაის წარმოება დაიწყო.
როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი ნანი კობახიძე "ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, „მთოანის“ ბრენდის ქვეშ წარმოებული ჩაის რეალიზაცია ამ ეტაპზე მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება,წლის ბოლომდე კი კომპანია "მთოანის" ჩაის ესპანეთის ბაზარზე გატანას გეგმავს.
როგორც ნანი კობახიძე აცხადებს, ამ.დროისთვის მიმდინარეობს ესპანურ მხარესთან მოლაპარაკებების ეტაპი.
განიხილება "მთოანის" ბრენდის ჩაის ესპანეთის ერთ-ერთ მსხვილ მაღაზიათა ქსელში შეტანა.
"ჩვენი ჩაი რაჭის ალპურ ზონაში მოპოვებული მცენარეებისაგან მზადდება, მაგალითად ცაცხვის, ჭინჭრისა და სხვა არომატებისაგან, რომლებიც რეალურად სამკურნალო თვისებების მატარებელია. პატარა გრანტი მოვიგეთ, 5000 ლარის ოდენობით, რის შემდეგაც, გამოსაშრობი აპარატი და პანელური სისტემა გადმოგვცეს. ეს გახდა საფუძველი ჩაი გვეწარმოებინა,"-აცხადებს კობახიძე.
რაც შეეხება ნატურალურ კოსმეტიკას, კომპანიის თანადამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ევროპის ქვეყნებში საკმაოდ მოთხოვნადია "უსულის" მიერ წარმოებული ტანის შიმერი და რუჯის ზეთი.
მისი ინფორმაციით, რამდენიმე ქვეყანასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომლებიც კონკრეტულ პროდუქციას ითხოვენ. მათ შორისაა საფრანგეთიც. შესაბამისად, კობახიძის ვარაუდით, მომავალ წელს "უსულის“ ტანის შიმერი და რუჯის ზეთი საფრანგეთის ბაზარზე იქნება წარმოდგენილი.
შეგახსენებთ, ნატურალური კოსმეტიკის მწარმოებელი კომპანია "უსული“ პანდემიის პირობებში დაფუძნდა. საუბარია, თავის მოვლის საშუალებებზე და სამკურნალო მალამოებზე, ასევე კომპანიამ ოპერირება ჩაის ნაირსახეობითაც დაიწყო, რომელიც სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა.