ბიზნესი
12/07/2022

უსაფრთხო გარემო დასაქმებულებისთვის - კომპანიების შემოწმება უკვე დაიწყო

სამუშაო სივრცის უსაფრთხოებისთვის ახალი რეგლამენტია ამოქმედებული. დოკუმენტის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია, სამუშაო სივრცე უსაფრთხოდ მოაწყოს. შრომის უსაფრთხოების სამსახური ინსპექტირებას უკვე ახორციელებს. 

როგორც შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ გადაცემაში "ბიზნესპარტნიორი" განაცხადა, რეგლამენტი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას ითვალისწინებს. 

"ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად ეტაპობრივად დავიწყეთ შრომის კანონმდებლობაზე მუშაობა. პერიოდულად ხორციელდებოდა საკანონმდებლო ცვლილებები. შრომის უსაფრთხოების კანონმა უსაფრთზოების მიმართულებით ზოგადი პრინციპები განსაზღვრა. ამ უსაფრთხოებას დაექვემდებარა ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფერო. თუ კანონი განსაზღვრავს ზოგად ვალდებულებას, რომ შრომის უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული, თითოეული რეგლამენტი აწესებს, რას ნიშნავს უსაფრთხოების ეს ზომები", - აღნიშნა ბექა ფერაძემ. 

მისი თქმით, კონკრეტული რეგლამენტით, ეკონომიკური საქმიანობის ყველა სექტორისთვის განსაზღვრულია ვალდებულებები. მოთხოვნები წაყენებულია სახანძრო უსაფრთხოების, ელექტროუსაფრთხოების საევაკუაციო გზების, განათების, კონსტრუქციული სიმტკიცის მიმართ.  

"შედარებით დიდი გამოწვევები ბუნებრივია არსებობს ისეთ სამუშაო სივრცეებში, რომელიც მოძველებულია, მაგრამ ასეთი შენობებისთვის გარკვეული გარდამავალი პერიოდია განსაზღვრული, რომელიც მოიცავს 2 წელს. ყოველი ახალი შენობა-ნაგებობა, კონსტრუქცია თუ სამუშაო სივრცე, რომლის აშენებაზე, მოწყობაზე ნებართვა გაცემულია რეგლამენტის ამოქმედებიდან, დაუყოვნებლივ არის ვალდებულება, რომ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვები იყოს შესრულებული",- აცხადებს ბექა ფერაძე.  

მისი ინფორმაციით, რეგლამენტის თანახმად, სამუშაო სივრცეში არ უნდა იყოს ისეთი ნივთიერებები გამოყენებული, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია. 

"ჩვენ გარკვეულ სამუშაო სივრცეებში გვხვდება აზბესტი ან ისეთი ქიმიური ნივთიერებები, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, რომელმაც შეიძლება სიმსივნე ან სხვადასხვა დაავადებები გამოიწვიოს. ახალი რეგლამენტის მიხედვით, ყველა კომპანიას უჩნდება ვალდებულება, ისეთი ნივთიერებები იყოს გამოყენებული სამუშაო სივრცეში, იქნება ეს იატაკი, ჭერი , კონსტრუქცია თუ სხვა, რომელიც უსაფრთხო იქნება თითოეული დასაქმებულისთვის", - განაცხადა ბექა ფერაძემ. 

რეგლამენტით რეგულირდება აგრეთვე განათების საკითხი. 

"აღნიშნული ლუქსებით განისაზღვრება. ისეთი სამუშაო ადგილებისთვის, რომელიც მხოლოდ დროებითი გამოყენებისთვისაა, მინიმალური, 20 ლუქსია განსაზღვრული. ბუნებრივი ან შერეული განათება სადაც არის, 500 ლუქსი. ბუნებრივი განათების გარეშე, ანუ სადაც მხოლოდ ხელოვნური განათებაა, დაახლოებით 1500 ლუქსზეა საუბარი", - განაცხადა ბექა ფერაძემ. 

ამასთან, თითოეული ადამიანისთვის სამუშაო სივრცე 2კვ.მ-ზე პატარა არ უნდა იყოს. ეს იმ შემთხვევაში, თუ ხანგრძლივად სრულდება სამუშაო. 

"ახალი რეგლამენტით გაგრილება-გათბობის შესაბამისი მოთხოვნებია წაყენებული, ისეთ სამუშაო ადგილებზე, რომელიც სეზონური გამოყენებისაა, ან სამაცივრე სამუშაოებია", - აღნიშნა ბექა ფერაძემ. 

ვისაც უკვე მოწყობილი აქვს სამუშაო გარემო და რეგლამენტის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, მათ 2 წლიანი გარდამავალი პერიოდი აქვთ. 

"კონსულტაციის და ინფორმირებულობის გზით ეტაპობრივად ხელს შევუწყობთ, რომ თითოეული მოთხოვნა უმტკივნეულოდ დაინერგოს", - განაცხადა ბექა ფერაძემ. 

იმ შემთხვევაში თუ კომპანია, რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს არ ასრულებს, მიიღებს გაფრთხილებას, შემდეგ დაჯარიმდება ან სამუშაო პროცესი შეუჩერდება.