ბიზნესი
22/12/2022

USA2GEORGIA-ს მომხმარებლები ტოვებენ - კონკურენციის სააგენტომ საკითხის განხილვა დაიწყო

აშშ-დან  ტვირთებისა და ამანათების გადამზიდავ ცნობილ კომპანიას - USA 2 GEORGIA მომხმარებლები მასობრივად ტოვებენ. ამის მიზეზი, ტრანსპორტირების ღირებულების გამოთვლის წესში ამოქმედებეული ცვლილება გახდა, რამაც ამანათის ჯამური საფასურის არაგონივრული ზრდა გამოიწვია.

როგორც მომხმარებელები სოციალურ ქსელში აღნიშნავენ, მათ მიმდინარე წლის 4 ნოემბერს ელექტრონულად მიიღეს კომპანიის წერილი,  სადაც, როგორც შემდგომ აღმოჩნდა, წონის გამოთვლის მეთოდის ცვლილებასთან დაკავშირებითაც იყო გაკვრით საუბარი, თუმცა ეს არსებითი ინფორმაცია იმდენად იყო ჩაკარგული წერილის არაფრისმთქმელ სხვა აბზაცებს შორის, რომ მასზე ყურადღების გამახვილება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.

თუმცა ყურადღება, ცხადია, გამახვილდა ცოტა ხანში, როცა წესმა მოქმედება მასობრივად დაიწყო და როცა, მაგალითად, მომხმარებელი იძულებული გახდა 30 დოლარიანი ბოტასის ტრანსპორტირებაში 200 ლარის ოდენობით ტრანსპორტირების საფასური გადაეხადა. იგივე წარმატებით, რადგან კომპანიამ წონის ტრანსპორტირების ფასის დათვლა შეწყვიტა რეალური წონიდან და  დაიწყო მოცულობით წონის მიხედვით, 100 გრამიანი „ფლეშკა“, რომელიც განთავსებულია დიდ შეფუთვაში, ექვემდებარება ტრანსპორტირების გადასახადს (ანუ კომპანიის პირდაპირ შემოსავალს) სწორედ ამ დიდი შეფუთვის მოცულობითი წონიდან გამომდინარე...

ზოგადად, ტვირთებისა და ამანათების გადაზიდვით დაკავებული კომპანიები მოცულობითი წონით ტრანსპორტირების გადასახადის გამოთვლას მიმართავენ ხოლმე გარკვეული რეალური წონის ზემოთ (მაგალითად, 10 კგ.) არსებულ ტვირთებზე.

ეს გონივრული და მომხმარებლის ინტერესზე ორიენტირებული მიდგომაა. კონკრეტულ მაგალითზე რომ წარმოვიდგინოთ - 10 კგ-მდე ტვირთი (მაგ: ფეხსაცმელი, ჩანთა, მანქანის მცირეგაბარიტიანი ნაწილი და სხვ) რა მოცულობისაც უნდა იყოს, ტრანსპორტირებას ექვემდებარება რეალური წონიდან გამომდინარე. ხოლო თუ ვთქვათ, თქვენ ჩამოგაქვთ მანქანის ბამპერი, ან კარი, რომელიც 10 კგ-ს აღემატება და მოცულობითაც დიდია, მისი ტრანსპორტირების ღირებულება დაითვლება სწორედ მოცულობითი წონიდან გამომდინარე და არა რეალური წონიდან.

სწორია და სამართლიანია და ასე იქცევა, პრატიკულად, ყველა ქართული გადამზიდავი კომპანია. როგორც აღმოჩნდა, გარდა USA 2 GEORGIA - ისა.

გაბრაზებული მომხმარებლები იმასაც აღნიშნავენ, რომ USA 2 GEORGIA მარტივ ეშმაკობებსაც არ ერიდება. კერძოდ - სერვისში დამატებულია პუნქტი - გადაფუთვა, რაც გულისხმობს, რომ თუ იუზერს ეს სერვისი ჩართული აქვს, მაშინ კარგი ბატონო, კომპანია გადაუფუტავს ამანათს და რეალურ წონაზე უანგარიშებს, თუმცა კილოგრამზე დამატებით 2 დოლარს გადაახდევინებს, ხოლო თუ იუზერმა ეს დავალება არ მისცა კომპანიას, მაშინ, როგორც იტყვიან, - კარგად მეყოლე - შენი ამანათი ვეებერთელა ყუთში ჩაიდება და ტრანსპორტირებასაც მოცულობითი წონით გადაიხდი... ეს „ეშმაკობა“ მომხმარებელს გაშიფრული აქვს. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ მომხმარებელი, როგორც წესი, სერვის-კომპანიებთან მიმართებით, ძალიან კარგად ერკვევა საკუთარ უფლებებში და ასევე როგორც წესი, არ ცდება იმის განსაზღვრაში, როდის ცდილობს კომპანია მის მოტყუებას  და როდის იქცევა მოცემულობიდან და ბაზარზე შექმნილი კონიუნქტურიდან გამომდინარე.

ძნელია გაიხსენო სხვა კომპანია, რომელმაც საკუთარი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, დროის ძალზედ მცირე მონაკვეთში, იმ დონის და დოზის რეპუტაციული და პოტენციურად, შემდგომში, ფინანსური დანაკარგი მიიღო, ვიდრე ეს USA 2 GEORGIA არის.

კერძოდ:

  • 8 დეკემბერს Facebook -ზე შეიქმნა ჯგუფი სახელად - „USA2GEORGIA-ს მიერ დაზარალებულ მომხმარებელთა ჯგუფი“, სადაც დღეის მდგომარეობით გაწევრებულია 3000-ზე მეტი ადამიანი (გასათვალისწინებელია, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა დასაქმებულია, კარგად ერკვევა საკუთარ უფლებებში და საშუალო და მაღალშემოსავლიან სეგმენტს წარმოადგენს).

 

  • გამომდინარე კოლექტიური ინტერესის დარღვევის შესაძლო ფაქტიდან, კონკურენციის სააგენტოში უკვე შეტანილია ათეულობით ჯგუფური და ინდივიდუალური განაცხადები კომპანიის წინააღმდეგ და სააგენტოს მოკვლევა უკვე დაწყებულია და შედეგზე გასასვლელად მას 1 თვე აქვს.

 

  • უცხოეთიდან ნივთების გამოწერის პრაქტიკის მქონე ადამიანები ერთმანეთს პირდაპირ ურჩევენ, ამანათის ტრანსპორტირებისას დაივიწყონ USA2GEORGIA და სხვა გადამზიდავების სერვისით ისარგებლონ.

რთულია, აღწერილზე მეტად საკუთარი თავის დაზიანება. ძნელი სათქმელია, წლობით ნაშენებმა კომპანიამ, რატომ გადადგა ამგვარი ნეგატიური შედეგის გამომწვევი ნაბიჯი...

ერთი, რამაც მომხამრებელთა გამოხმაურებების გაცნობისას განსაკუთრებით მიიპყრო „business-partner“-ის ყურადღება, არის ის, რომ მასობრივად გვხვდება კომენტარები, სადაც მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ USA2GEORGIA-ის სერვისს წლების მანძილზე მხოლოდ იმიტომ იყენებდნენ, რომ მიუხედავად გამოწერილი ნივთების რეალური ღირებულებისა, მათი ამანათები არასოდეს დაქვემდებარებია საბაჟო გადასახადს (ცნობილია, რომ კოდექსი ითვალისწინებს 300 ლარზე მეტი ღირებულების ნივთის განბაჟებას). გათვითცნობიერებული მომხმარებელი იმასაც აღნიშნავს, რომ საბაჟოს გარკვეულ რგოლ(ებ)თან შესაძლო უკანონო გარიგების ფაქტის დასტურია ისიც, რომ USA2GEORGIA წონაში ყოველთვის იტყუებოდა, თუმცა, სწორედ განბაჟების 20%-ის არგადახდის ფონზე, მომხმარებელი კომპანიის ამ ქცევაზე თვალს ხუჭავდა, რამდენადაც, მთლიანობაში, ფინანსურად მოგებული რჩებოდა.

„ბიზნესპარტნიორის“ ინფორმაციით, ამ კუთხით საქმე კიდევ უფრო შორსაც არის წასული, რამდენადაც, როგორც ირკვევა და როგორც ამბობენ, საბაჟო სივრცეში USA2GEORGIA -ის ტვირთებისთვის ცალკე ოთახიც კი არის გამოყოფილი, რომ ამანათებმა სწრაფად და საბაჟო დათვალიერების გარეშე დატოვონ ტერმინალი. კაცმა რომ თქვას, იმის გადამოწმება, არის თუ არა რეალურ საფუძველს დაყრდნობილი ზემოთ აღწერილი ეჭვები, კეთილი ნების შემთხვევაში, იოლზე იოლია - ყველა დათვალიერებულ (გახსნილ) ამანათს, ამ აქტის აღსანიშნად, ეკვრება შესაბამისი სტიკერი და დგება ოქმი. საინტერესო იქნება, რას მოგვცემს დადარება - მაგალითად, თუნდაც 2022 წლის 11 თვეში USA2GEORGIA-ს რამდენი ამანათია საბაჟო წესით დათვალიერებული და რამდენია ასეთი სხვა კომპანიების. შეიძლება როგორც რაოდენობრივი, ისე პროცენტული დადარება და შეცდომის/გადაცდომის/კორუფციული დანაშაულის შესაძლო ფაქტზე გასვლაც არ გაჭირდება.

კიდევ სხვა საქმე და სხვა უბედურებაა ის, რომ მომხმარებელი, ანუ ჩვენი საზოგადოების წევრები, კანონის გვერდის ავლას და საბაჟო დეკლარაციის შეგნებულად არასწორად შევსებას და ამით გადასახადის თავის არიდებას, ჩვეულებრივ ამბად მიიჩნევს...

ასეა თუ ისე, ფაქტი ერთია - USA2GEORGIA შელახული რეპუტაციის აღდგენა და დაკარგული მომხმარებლის დაბრუნება ძალიან გაუჭირდება, ხოლო მისი ქეისი დიდხანს იქნება თითით საჩვენებელი საიმისოდ, თუ როგორ შეიძლება პრაქტიკულად ერთ დღეში,  წლობით ნაშენები ბრენდის განადგურება.