USA2GEORGIA ონლაინ ვაჭრობისას განბაჟების ₾300-იანი ლიმიტის ₾700-მდე გაზრდას ითხოვს
USA2GEORGIA ონლაინ ვაჭრობისას განბაჟების 300 ლარიანი ლიმიტის 700 ლარამდე გაზრდას ითხოვს.
როგორც კომპანიაში „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადეს, სხვადასხვა ქვეყნის ონლაინ მაღაზიებში შეძენილი ხარისხიანი ნივთის ღირებულება თუკი - 90 აშშ დოლარს აღემატება, სავალდებულოა მომხმარებლის მიერ საქართველოს შემოსავლების სამსახურში დეკლარირება, დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდის მიზნით, რაც შეადგენს 18%-ს და მომხმარებელს მნიშვნელოვნად უზრდის ონლაინ-შეძენისას გაწეულ ხარჯს.
მათი ინფორმაციით, უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსის მატებამ ლართან მიმართებაში მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა 300 ლარიან ზღვარზე და მძიმე ტვირთად აწვება მომხმარებელს.
„ამიტომ, ჩვენი კომპანია აპირებს მიმართოს სამთავრობო და საპარლამენტო სამსახურებს 300 ლარიანი განბაჟების ზღვარის 700 ლარამდე გაზრდის მოთხოვნით, რისთვისაც გვესაჭიროება - მომხმარებელთა მნიშვნელოვანი ნაწილის ნების გამოხატვა.
გთხოვთ, გამოიჩინოთ ინტერაქტიულობა და დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია - 300 ლარიანი განბაჟების ზღვარის 700 ლარამდე გაზრდის შესახებ,“-აცხადებენ USA2GEORGIA-ში.
საგადასახადო კოდექსში აღნიშნულ ცვლილებას ითხოვდნენ პარლამენტის წევრები ალექსანდრე ელისაშვილი და ლევან იოსელიანიც. კანონპროექტი 2022 წლის მარტშია დარეგისტრირებული.
ინიციატორები მიიჩნევდნენ, რომ 700 ლარამდე ლიმიტის გაზრდა თანხვედრაში იქნება საქართველოში არსებულ ლარის კურსის დევალვაციის პროცესთან, ქვეყნის შიგნით სარეალიზაციო პროდუქტის ფასების ზრდასთან და საერთაშორისო სავაჭრო ბაზრის მრავალფეროვან არჩევანთან.
"კანონპროექტის მიღების შედეგად შემსუბუქდება იმ ადამიანების ფინანსური ტვირთი, რომლებიც იღებენ მცირე ფინანსური მნიშვნელობის საფოსტო გზავნილებს, რაც დღეს არსებული კანონმდებლობით არაგონივრულად ძვირი უჯდებათ. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, გამარტივდება მცირე მეწარმეებისთვის ბიზნესის წარმოება. მცირე მეწარმეებს არ მოუწევთ ზომაზე დიდი ხარჯის გაწევა პროდუქციის მისაღებად. კანონპროექტის მიღება შეამცირებს მცირე ბიზნესის წარმოების რისკებს, სამომავლო პერსპექტივაში გააჩენს მეტ თვითდასაქმებულ ადამიანს, შექმნის კონკურენტუნარიან გარემოს. გამარტივდება ონლაინ ვაჭრობა, რომელიც უნდა იყოს მოქნილი, მარტივი და ნაკლებ დანახარჯიანი",- აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
რაც შეეხება USA2GEORGIA-ს (IATA-ს წევრი), ის გადაზიდვებს მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს. აღსანიშნავია ლოჯისტიკის სერვისი, ტვირთების მოწოდება მითითებული მისამართიდან, ტვირთების შეჯგუფება, რთულად გადასაზიდი ტვირთების ტრანსპორტირება და გადმოგზავნა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.