"უმალმა" შესაძლოა ბრენდული მაღაზიების ქსელი გახსნას
„უმალის“ მენეჯმენტი ასორტიმენტის გაფართოების შემდეგ, ბრენდული მაღაზიების ქსელის შექმნას არ გამორიცხავს.
როგორც „სინერჯიდან“ “უმალის“ განვითარების კურატორი მარიამ ჟორჟოლიანი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, საწყის ეტაპზე მაღაზია შეიძლება ქარხნის მიმდებარედ, ქარელში გაიხსნას, რასაც მისი ლოკაცია ძალიან უწყობს ხელს. მარტივი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად შესაძლებელი ხდება, დასავლეთის გზაზე მიმავალი ადამიანებისთვის, მხოლოდ ერთი გაჩერებით გახდეს ხარისხიანი თევზი და მისგან დამზადებული პროდუქტები ხელმისაწვდომი, პირდაპირ წარმოებიდან. სამომავლოდ კი ობიექტის გახსნა თბილისშიც განიხილება.
კომპანია „უმალი“ ოქტომბერში თევზის პაშტეტის და ე.წ შპროტის (ქარსალა) წარმოებას გეგმავს. ორივე პროდუქტი მინის ქილებში იქნება და ის მთელი საქართველოს მასშტაბით გაიყიდება.
დამუშავების პროცესშია კიდევ რამდენიმე პროდუქტი, რომლის წარმოებასაც „უმალი“ ეტაპობრივად დაიწყებს. დაგეგმილია თევზის გაყინული ფორმით რეალიზაციაც.
შეგახსენებთ, “სინერჯი“ საინვესტიციო და განვითარების კომპანიაა, რომელიც ყიდულობს 20%-იდან 50%-მდე წილს ზრდის პოტენციალის მქონე კომპანიებში, შეჰყავს ინვესტორები და უზრდის მათ ღირებულებას. თითოეულ კომპანიაში “სინერჯი“ საკუთრებაში იტოვებს მინიმუმ 20%-ს მუდმივად, რითაც კომპანიის განვითარებაზე ზრუნვის მოტივაციას და პასუხისმგებლობას გრძელვადიანად ინარჩუნებს.
კომპანია „უმალში“ „სინერჯი“ 2021 წლის აგვისტოდანაა წარმოდგენილი.
რაც შეეხება „უმალს“, ის 2017 წლის ივლისიდან ოპერირებს და თევზპრუდუქტებით ამარაგებს საქართველოს მთელ ტერიტორიას. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი თევზის გადამამუშავებელი საწარმო - "უმალი" ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისში მდებარეობს და მასში ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.