"უმალი" თევზის ბაზრის მაღალ საფასო სეგმენტში შედის
„უმალი“ უახლოეს მომავალში შედარებით მაღალფასიანი თევზის გადამუშავებას გეგმავს. როგორც „სინერჯის“ პარტნიორი („უმალის“ განვითარების მიმართულებით) მარიამ ჟორჟოლიანი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, საქართველოში საკმაოდ დიდი მოთხოვნაა ზუთხსა და ორაგულზე, იგეგმება ქართული კალმახის უფრო აქტიურად გამოყენება-გადამუშავებაც.
მისი ინფორმაციით, კომპანია აღნიშნული ჯიშის თევზის იმპორტს ნორვეგიიდან გეგმავს.
„აქამდე კომპანია „უმალი“ ძირითადად, პროდუქციას დაბალი და საშუალო ფასიანი სეგმენტისთვის აწარმოებდა, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლომდე კი თევზის გადამუშავებას სამივე საფასო სეგმენტისთვის დაიწყებს, ეს არის ჩვენი სტრატეგია,“ - აცხადებს „სინერჯის“ წარმომადგენელი.
მისივე განცხადებით, დაგეგმილია პროდუქტების შეთავაზება როგორც შებოლილი, ისე ნახევარფაბრიკატების ფორმით.
კითხვაზე, გაყიდვადი იქნება თუ არა მაღალფასიანი პროდუქცია საქართველოში, „სინერჯის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ ქვეყნის დემოგრაფიული და სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, საშუალო და დაბალფასიან სეგმენტებში ბრუნვა გაცილებით მაღალი იქნება. თუმცა, მოთხოვნა მაღალფასიან პროდუქტზეც არსებობს.
„არიან ადამიანები, ვინც კარგი ხარისხის თევზს საზღარგარეთიდან იწერს, ეს კატეგორია ადგილობრივ წარმოებას არ ენდობა. ამიტომ გვინდა მათაც გავუმარტივოთ საქმე. ეს არ იქნება მასობრივი წარმოება, არ იქნება დიდ რაოდენობაზე საუბარი. ეს მიმართულება გაცილებით მაღალმარჟანია და კომპანიას მისცემს საშუალებას, მათ შორის საშუალო და დაბალი სეგმენტისთვის კიდევ უფრო მეტი პროდუქტი აწარმოოს,“ - აცხადებენ „სინერჯიში“.
შეგახსენებთ, “სინერჯი“ საინვესტიციო და განვითარების კომპანიაა, რომელიც ყიდულობს 20%-იდან 50%-მდე წილს ზრდის პოტენციალის მქონე კომპანიებში, შეჰყავს ინვესტორები და უზრდის მათ ღირებულებას. თითოეულ კომპანიაში “სინერჯი“ საკუთრებაში იტოვებს მინიმუმ 20%-ს მუდმივად, რითაც კომპანიის განვითარებაზე ზრუნვის მოტივაციას და პასუხისმგებლობას გრძელვადიანად ინარჩუნებს.
კომპანია „უმალში“ „სინერჯი“ 2021 წლის აგვისტოდანაა წარმოდგენილი.
რაც შეეხება „უმალს“, ის 2017 წლის ივლისიდან ოპერირებს და თევზპრუდუქტებით ამარაგებს საქართველოს მთელ ტერიტორიას. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი თევზის გადამამუშავებელი საწარმო - "უმალი" ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისში მდებარეობს და მასში ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.