"უმალი" ოქტომბერში თევზის პაშტეტის და "შპროტის" წარმოებას იწყებს
თევზის მწარმოებელი კომპანია „უმალი“ ოქტომბერში თევზის პაშტეტის და ე.წ შპროტის (ქარსალა) წარმოებას იწყებს.
„სინერჯის“ პარტნიორი („უმალის“ განვითარების მიმართულებით) მარიამ ჟორჟოლიანი „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, რომ ორივე პროდუქტი მინის ქილებში იქნება და ის მთელი საქართველოს მასშტაბით გაიყიდება.
დამუშავების პროცესშია კიდევ რამდენიმე პროდუქტი, რომლის წარმოებასაც „უმალი“ ეტაპობრივად დაიწყებს.
„ჩვენი მთავარი მოტივაცია იყო, რომ გაგვეკეთებინა ისეთი პროდუქტი, რომელიც საზოგადოების ყველა საფასო სეგმენტისთვის იქნებოდა ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, ერთ-ერთი მთავარი მოტივაციაა, ადგილობრივ ბაზარზე გაჩნდეს იმპორტირებული „შპროტის“ ჩამნაცვლებელი პროდუქტი, რომლის ხარისხშიც დარწმუნებულები ვართ. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვიყოთ კონკურენტუნარიანები როგორც ფასით, ისე ხარისხით,“ - აღნიშნავს მარიამ ჟორჟოლიანი.
მისი განცხადებით, დაახლოებით 1 წელიწადში, „უმალის“ წარმოებული პროდუქცია იმპორტირებულ „შპროტს“ კონკურენციას გაუწევს და ადგილობრივი პროდუქცია ბაზარზე მეტი წილით იქნება წარმოდგენილი.
შეგახსენებთ, “სინერჯი“ საინვესტიციო და განვითარების კომპანიაა, რომელიც ყიდულობს 20%-იდან 50%-მდე წილს ზრდის პოტენციალის მქონე კომპანიებში, შეჰყავს ინვესტორები და უზრდის მათ ღირებულებას. თითოეულ კომპანიაში “სინერჯი“ საკუთრებაში იტოვებს მინიმუმ 20%-ს მუდმივად, რითაც კომპანიის განვითარებაზე ზრუნვის მოტივაციას და პასუხისმგებლობას გრძელვადიანად ინარჩუნებს.
კომპანია „უმალში“ „სინერჯი“ 2021 წლის აგვისტოდანაა წარმოდგენილი.
რაც შეეხება „უმალს“, ის 2017 წლის ივლისიდან ოპერირებს და თევზპრუდუქტებით ამარაგებს საქართველოს მთელ ტერიტორიას. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი თევზის გადამამუშავებელი საწარმო - "უმალი" ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისში მდებარეობს და მასში ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.