"უმალი" მომავალი წლიდან გაყინული თევზის ბაზარზე შევა
„უმალი“ მომავალი წლიდან გაყინული თევზის ბაზარზე შესვლას გეგმავს. „ბიზნესპარტნიორი“ კომპანია „სინერჯის“ წარმომადგენელს ესაუბრა, რომელმაც ცოტა ხნის წინ „უმალის“ 30%-ის შეძენაზე გააფორმა შეთანხმება და მის განვითარებაზე მუშაობა დაიწყო.
როგორც მარიამ ჟორჟოლიანი აცხადებს, დღეს საქართველოში გაყინული თევზის ბაზარი იმაზე დიდია, ვიდრე გადამუშავებული თევზის. შესაბამისად, კომპანიას აქვს დიდი სამაცივრე მეურნეობები, რომლის მხოლოდ 20% აქვს ათვისებული.
„ეს საშუალებას გვაძლევს ჩამოვიტანოთ გაყინული თევზი, შევინახოთ, დავასაწყობოთ ჩვენს სამაცივრე მეურნეობაში. აქედან ნაწილი გამოვიყენოთ წარმოებაში, ანუ გადავამუშაოთ და სალათების ან შებოლილის სახით მივაწოდოთ ბაზარს, ხოლო მეორე ნაწილის რეალიზაცია გაყინული ფორმით მოხდეს. ამ ეტაპზე მოიაზრება სკუმბრიას იმპორტი,“ - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, “სინერჯი“ საინვესტიციო და განვითარების კომპანიაა, რომელიც ყიდულობს 20%-იდან 50%-მდე წილს ზრდის პოტენციალის მქონე კომპანიებში, შეჰყავს ინვესტორები და უზრდის მათ ღირებულებას. თითოეულ კომპანიაში “სინერჯი“ საკუთრებაში იტოვებს მინიმუმ 20%-ს მუდმივად, რითაც კომპანიის განვითარებაზე ზრუნვის მოტივაციას და პასუხისმგებლობას გრძელვადიანად ინარჩუნებს.
კომპანია „უმალში“ „სინერჯი“ 2021 წლის აგვისტოდანაა წარმოდგენილი.
რაც შეეხება „უმალს“, ის 2017 წლის ივლისიდან ოპერირებს და თევზპრუდუქტებით ამარაგებს საქართველოს მთელ ტერიტორიას. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი თევზის გადამამუშავებელი საწარმო - "უმალი" ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისში მდებარეობს და მასში ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.